“წინა წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 4,7 მლნ იყო. წელსაც დადებითი მოლოდინი გვაქვს’’ – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

“წინა წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 4,7 მლნ იყო. წელსაც დადებითი მოლოდინი გვაქვს” – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
2024 წელს აჭარის რეგიონში ვიზიტების რაოდენობამ 4,7 მლნ. შეადგინა. სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდ დინამიკას აჩვენებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე წელსაც ვიზიტების რაოდენობის მატებას ელოდებიან.
,,წინა წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 4,7 მლნ იყო. ყოველწლიურად ვიზიტების რაოდენობაში ზრდა ფიქსირდება. ნაკადები მზარდია როგორც ს სანაპირო ზოლზე, ასევე მთიან მუნიციპალიტეტებშიც. წელსაც დადებითი მოლოდინი გვაქვს. ველოდებით ბევრ სტუმარს. ”- აცხადებს “კომერსანტთან” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.
ვიზიტების დიდი ნაწილი ზაფხულის პერიოდში ხორციელდება. ლიდერობენ ზღვისპირა კურორტები, თუმცა ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სტუმარი ჩადის აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში. 2024 წელს მაღალმთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობამ 422 ათასი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 45%-ით მეტი იყო.
,,ზოგადად, ბუნებრივია, რომ ზღვის სანაპირო უფრო დატვირთულია საზღვაო ტურისტულ სეზონზე. ძალიან ბევრი შიდა ვიზიტორი გვყავს. შიდა ვიზიტების თვალსაზრისით 2 მლნ-ზე მეტ შიდა ვიზიტს მასპინძლობს აჭარის რეგიონი მთელი წლის განმავლობაში. ვიზიტების ძირითადი ნაწილი ზაფხულის პერიოდზე მოდის. რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას მთებში, წინა წელს 422 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 45%-ით მეტი იყო 2023 წელს მთიან აჭარაში განხორციელებულ ვიზიტებთან შედარებით. მატებას ველოდებით როგორც საზღვაო კურორტებზე, ასევე მთიან მუნიციპალიტეტებზე.”- აცხადებს თინათინ ზოიძე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქვეყანა ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, სამიზნე ქვეყნებს შორის შედის სკანდინავიის, ბალტიის პირის და ცენტრალური ევროპის ქვეყნები. თინათინ ზოიძე ამბობს, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესში ფრენების ახალი მიმართულებებით შესრულება მნიშვნელოვანია.
,,ჩვენი ქვეყნის ზოგადი სტრატეგია არის ასეთი, რომ არ ვიყოთ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე მიბმული. ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 25-ზე მეტ მიმართულებაზე ვმუშაობთ. ქუთაისის აეროპორტში ,,Wizz Air” ფრენებს უკვე 25 ევროპულ მიმართულებაზე ასრულებს. შესაბამისად, სამიზნე ბაზრებში აქტიურად დაემატა როგორც სკანდინავიის ქვეყნები, ასევე ცენტრალური ევროპის ქვეყნები. აქტიურად ვმუშაობთ ბალტიის ქვეყნებთან, საიდანაც პირდაპირი რეისები ზაფხულში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც სრულდება. სრულდება რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან და ინდოეთიდან. ასევე დაემატა სიხშირეები ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ყურის ქვეყნები. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და ჩვენს ქვეყანას იმდენად მდიდარი შესაძლებლობები აქვს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ვიზიტორმა შესაძლებელია მისთვის საინტერესო მიზანი იპოვოს.”- აცხადებს თინათინ ზოიძე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვკითხეთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ტურისტულ სეზონზე ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ. თინათინ ზოიძე ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებმა უკვე ახდენს გავლენა არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. თუმცა ის პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს მასშტაბური და დიდი გამოწვევაა.
,,ეს იმდენად მასშტაბური საკითხია, იმდენად დიდი გამოწვევაა ზოგადად მსოფლიოსთვის, რომ ეს რა თქმა უნდა ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიოზე უკვე ახდენს გავლენას. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე იქნება მშვიდობა და შეძლებს საქართველოს და ყველა სხვა ქვეყანაც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს როგორც ტურიზმის, ასევე სხვა სფეროების განვითარება. ამ ეტაპზე რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება ამ მიმართულებით გაგვიჭირდება.”- ამბობს თინათინ ზოიძე.