წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს

დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნემენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს და ბრალდებულებს – ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, გიორგი ჯოხაძეს, გიორგი კაჭკაშიშვილს და მამუკა ბაღდავაძეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს დაუსწრებლად – მათზე ძებნაა გამოცხადებული.
პროკურატურამ ხუთივეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად გირაოს გამოყენებაზე – გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა 30 000 ლარიანი გირაო შესთავაზა, კაჭკაჭიშვილის ადვოკატმა 10 000 ლარიანი, მიქაძეების ადვოკატმა გამოთქვა მზადყოფნა 50 000 ლარიან გირაოს გადახდაზე. საბოლოოდ, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება.
“ჩემი პოზიცია არის, რომ ცალსახად ვემიჯნები [პროკურორის პოზიციას]. ამ საქმესთან არ მაქვს არანაირი შემხებლობა. სანამ დამაკავებდნენ, არაერთხელ გამაფრთხილეს, რომ “დამაკავებდნენ” – არ გავიქეცი და ახლა რომ გამიშვათ, არც ახლა გავიქცევი, თავისუფლებას ვითხოვ, შეურაცხყოფილი ვარ”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე გიორგი მიქაძემ.
პოლიციამ სამი ბრალდებული 12 აგვისტოს დააკავა თბილისში, ორზე კი ძებნა გამოაცხადა. საუბარია 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლულ ლევან ჯანგველაძეზე, რომელიც მედიაში გავრცელებული ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მკვლელობა ძმებმა მიქაძეებმა შეუკვეთეს. მედიაში არსებული ინფორმაციით, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირებად და ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებად მოიაზრებიან.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. [დავით მიქაძე] და გ.მ. [გიორგი მიქაძე] ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან [ლევან ჯანგველაძესთან] და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს [გიორგი ჯოხაძეს] და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.
დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა გ.ჯ.-ის [გიორგი ჯოხაძის] პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ [გიორგი ჯოხაძემ] და გ.კ.-მ [გიორგი კაჭკაშიშვილი] მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ. მ. -სა და დ. მ-ს [ძმები მიქაძეების] მეშვეობით გ.უ.-ს [მკვლელობაში ბრალდებულებს] გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით“, – განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულები ამ დროისთვის იყენებენ დუმილის უფლებას და არ აღიარებენ დანაშაულს.
· ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს, გვიან ღამით მოკლეს. თვითმხილველთა თქმით, მკვლელმა რამდენჯერმე ისროლა და მიიმალა, რაც მოგვიანებით დადასტურდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.
· მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა.
· პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული, 1975 წელს დაბადებული გ.უ. 17 მარტს დააკავა.
· ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ძმებმა მიქაძეებმა შეუკვეთეს — შსს