წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ნებართვად არ უნდა იქცეს — ომბუდსმენი

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს -ს გაფრთხილებაზე აქციის მონაწილეებისადმი, რომ თუ ახალი კანონის შესაბამისად არ იმოქმედებენ, მათი შეკრება-მანიფესტაცია სამართალდარღვევად ჩაითვლება.
პოლიციამ 16 დეკემბრის აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება მათ შორის ხალხის სავალ ადგილას იმართება და მათ მოძრაობას აფერხებს, საჭიროა, სამინისტროს 5 დღით ადრე გაფრთხილება და მსგავსი გაფრთხილების წარდგენის შემდეგ შეკრების მსურველები უნდა დაელოდონ სამინისტროს პასუხს და შესაბამის მითითებებს, აღნიშნული პროცედურის დაუცველობის შემთხვევაში კი, შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად.
„მსგავსი არამკაფიო საკანონმდებლო დათქმების პირობებში საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრების უფლებაში ჩარევისას უნდა იხელმძღვანელოს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნებით. მნიშვნელოვანია, სამინისტრომ არ შეზღუდოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები მაშინ, როდესაც ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის და შეკრების ფორმის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარისად ხარისხს. მსგავსი უფლებრივი სტანდარტის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველისთვის არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი, რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, ამ ფორმით დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფართოდ ფორმულირებული საკანონმდებლო დანაწესების აღსრულება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებამ პრაქტიკაში შეკრების გამართვის შესაძლებლობა ნებართვის მიღებას დაუქვემდებაროს, რაც პირდაპირაა აკრძალული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმადაც, არ შეიძლება, წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების დამდგენი რეგულაციები იქცეს ფარულ წინაღობად შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის. ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ ასეთი ნორმის აღსრულება არ უნდა წარმოადგენდეს თვითმიზანს. სხვაგვარად, შეტყობინების განუხორციელებლობა იმთავითვე არ უნდა იწვევდეს შეკრების უკანონოდ მიჩნევას, მისი მონაწილეების უფლებაში ჩარევას ან მის დაშლას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა