პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი:
განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ერთ-ერთი შეცდომა ე.წ. ურთიერთთავდაუსხმელობის შეთანხმება იყო.
არგუმენტი ნამდვილად არსებობდა, რომ ერთმანეთის კრიტიკა პროპაგანდას საკვებს მისცემდა – “ხალხი ჩათვლიდა რომ ამათ ერთმანეთთან ვერ გაურკვევიათ და კოალიციის შექმნაზე ზედმეტია საუბარი”. თუმცა, ისე გამოვიდა რომ პროპაგანდამ მაინც იმუშავა, გასაშავებელი მაინც გააშავა. ულაპარაკობის გამო ყველა ერთ ქვაბში მოგვხარშა და ხალხს უთხრა, რომ ყველა ერთი ვიყავით. შეთანხმებამ კი უნებლიედ ამ პროპაგანდისტულ ხაზს შეუწყო ხელი, რადგან მოკლა განსხვავებების ჩვენების შანსი. მაგალითად, არცერთი სატელევიზიო დებატი ოპოზიციურ პარტიებს შორის არ ყოფილა. ამომრჩეველს გაუჩინა ლოგიკური კითხვა – თუ ერთნაირად ვფიქრობდით ყველაფერზე ცალ-ცალკე რატომ გავდიოდით და თუ არ ვფიქრობდით – რა განგვასხვავებდა. მე არ ვამბობ, რომ ერთმანეთისთვის დედის გინებაა ნორმა და ეს უნდა ეკეთებინა ვინმეს. არანაირად. ლანძღვა-გინება რომ პოლიტიკა არაა ისედაც უნდა ხვდებოდეს პოლიტიკური კლასი და მაგას ქაღალდზე ხელის მოწერა ვერ უშველის. ეგ იგივეა იმაზე ვაწერდეთ ხელს, რომ ერთმანეთს არ დავარტყამთ, ხელით არ შევეხებით. მაგას დოკუმენტი არ უნდა სჭირდებოდეს. უბრალოდ, ერთმანეთის კრიტიკა უნდა შეგვეძლოს. სამომავლო ხედვებზე, ერთმანეთის ქცევებზე და წარსულის შეცდომებზე. დებატებს პირიქით უნდა ვახალისებდეთ, ოღონდ ნამდვილ დებატებს, რომელსაც გადაჩვეულია პოლიტიკური კლასი.
ძალა ჩვენს მრავალფეროვნებაში, მაგრამ საერთო მიზნის ჩვენებაში უნდა იყოს. აქაა ახალი ადამიანების მოზიდვის შანსი.