წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა

წინანდლის მამულმა უკვე მეორედ უმასპინძლა შვეიცარიული ასოციაციის „Grand Jury Du Vin”-ის ღვინის სიმპოზიუმს. ორდღიან სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო ყველაზე პრესტიჟული ევროპული ღვინის სახლების ღვინოები. გაიმართა ისეთი ცნობლილი ღვინის მწარმოებლების ექსკლუზიური დეგუსტაცია, როგორებიცაა Romanee Conti, Clos de Tart, Pol Roger და Chateau de Lacquy. მსოფლიოში განთქმული ღვინოების გარდა შედგა ასევე ქართული ქვევრისა და საფერავის დეგუსტაციაც.
წლევანდელი სიმპოზიუმის დიდი ჟიურის შემადგენლობა 27 ღვინის საერთაშორისო ექსპერტისგან იყო დაკომპლექტებული. სიმპოზიუმზე თავი მოიყარეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა ღვინის მწარმოებლებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა, ჟურნალისტებმა და კრიტიკოსებმა, მათ შორის იყვნენ ოლივიე პუსიე, ჟერომ პრინსი, ჟაკი რიგო და ჟან პიერ ჟირო, რომლებმაც სემინარები და მასტერკლასები გამართეს.
წლევანდელი სიმპოზიუმი განსაკუთრებული იყო იმით, რომ მოხდა ბურგუნდიული ღვინოების 35 მდე დასახელების დაგემოვნება და შეფასება. (Romanee St Vivant, Bonnes Mares MAGNUM, Bonnes Mares MAGNUM, Chambertin MAGNUM, Chambolle Musigny les Amoureuses, Bonnes Mares, Chambertin Clos de Beze, Bonnes Mares, Chambertin Clos de Beze, Chapelle Chambertin)
ასევე, „Grand Jury Du Vin”-ის ისტორიაში პირველად საქართველოში მოხდა საუკეთესო ჩინური ღვინოების დეგუსტაცია.
გიორგი რამიშვილი – სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი
“ძალიან საამაყოა, რომ უკვე მეორედ ვუმასპინძლეთ ისეთი მაღალი დონის ღონისძიებას, როგორიცაა გრანდ ჟური დუ ვინის სიმპოზიუმი. ესაა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სომელიების გაერთიანება ევროპაში და მიხარია, რომ წინანდალი ტრადიციულად უმაღლესი დონის ღონისძიებების გამართვის ადგილია. ასეთი ღონისძიებები პირდაპირ უწყობს ხელს ქვეყნის შიდა და ასევე ღვინის ტურიზმის განვითარებას. აქ, წინანდალში პირველად მოხდაგრანდ ჟიური დუ ვინის მიერ ჩინური ღვინოების დეგუსტაცია და ეს ფაქტი ნამდვილად არის ისტორიული, ეს არის პირდაპირ აბრეშუმის გზის გაცოცხლება, რადგან საქართველოში, აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე, ერთმანეთს შეხვდნენ საუკეთესო ბურგუნდიული, ჩინური და ქართული ღვინოები.”
ლევან დავითაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
“მეორე წელია მსოფლიოში ყველაზე ელიტარული და პრესტიჟული დეგუსტაცია გრანდ ჟურის ეგიდით წინანდალში იმართება. აქ ჩვენ შანსი გვაქვს, რომ მსოფლიოში წამყვანი ღვინოების გარდა გაისინჯოს ქართული ღვინოები და შეფასდეს პროფესიონალი ექსპერტების მიერ. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ღვინის კულტურის ცნობადობის ამაღლებისთვის ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფორმატში ჟიურის შემადგენლობაში მონაწილეობენ ჩინელი ექსპერტები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ჩინური ბაზარი ჩვენთვის არის საინტერესო საექსპორტო მიმართულება.”
ლორან ვიალეტი – გრანდ ჟური დუ ვინის პრეზიდენტი
“უკვე მეორედ იმართება წინანდლის მამულში ღვინის სიმპოზიუმი. ჩვენ აქ უნიკალური ღვინოები დავაგემოვნეთ და თამამად შეიძლება ითქვას რომ თითოეული მათგანი უმაღლესი ტექნიკითაა დამზადებული. წლევანდელი სიმპოზიუმი იმითაა მნიშვნელოვანი რომ პირველად მოხდა ჩინური ღვინის დაგემოვნება. გაიმართა ბურგუნდიული ღვინოების ბრმა დეგუსტაციები. ქართული ღვინოებიდან კი წარმოდგენილი იყო საფერავი და ქვევრის ღვინოები.”
ორდღიანი ღვინის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში ირაკლი ასათიანის მიერ მომზადებული საზეიმო ვახშმით და ქართული ფოლკლორის საღამოთი დასრულდა. წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ინიციატივა „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის. წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის აღმასრულებელ გუნდს წარმოადგენენ ლორან ვიალეტი, “Grand Jury Du Vin”-ის პრეზიდენტი, და გიორგი ხარაბაძე, წინანდლის მამულის აღმასრულებელი დირექტორი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, , ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. ღონისძიების მასპინძელია სილქ ჰოსფითალითი.

ასევე დაგაინტერესებთ