წინააღმდეგობის პლატფორმა ჯაფარიძეზე: სუფთა პოლიტიკური საქმეა, განაჩენია ოცნებისთვის

პრეზიდენტ ს ინიციატივით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა ზურაბ ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურება.
განცხადებაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წაიკითხა, ნათქვამია, რომ ზურაბ ჯაფარიძის დაკავება ქართული ოცნების უსუსურობის კიდევ ერთი ნიშანია. მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძისთვის გამოტანილი განაჩენი ქართული ოცნებისთვის გამოტანილი განაჩენია.
“დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე ქართული ოცნებისთვის. ის, რაც მოაწყვეს – პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, პრაქტიკულად, არავის შეშვება, პატარა დარბაზში გადატანა, ყველაფერი რაც სცადეს, იმისთვის, რომ ეს დამთავრებულიყო იმით, რაც ყველამ იცოდა უკვე წინასწარ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გადაეცათ წინასწარ პატიმრობაში, ეს არის სამარცხვინო.
არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს, ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე, რომელიც იმის ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე, რაც არის მეორე მხარე. ერთის მხრივ გვყავს საზოგადოებრივი აქტივისტები თუ მოღვაწეები, რომლებიც არიან დღეს ციხეში, სრულიად არაფრისთვის, ახლა შემდგომი ეტაპია, რომ ეს შეეხოს ეს პოლიტიკურ ლიდერებს.
ეს ყველაფერი ამისთვის იყო შექმნილი, ეს საგამოძიებო კომისია – არა იმისთვის, რომ გამოიძიოს წინა რეჟიმის დანაშაულები, არამედ იმისთვის, რომ საშუალება გამხდარიყო, დაეჭირათ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდათ, რომ დაინახონ ციხეში. სამარცხვინოა ეს ქართული ოცნებისთვის, ეს არის მათი უსუსურობის კიდევ ერთი ნიშანი. აღარ იციან, რეპრესიები საითკენ და სადამდე წაიყვანონ.
ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია და ამ რეპრესიებს მიმართავს, არის თვითონ განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გამძლეობა გვჭირდება, ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს გამოტანილი განაჩენი არის განაჩენი ქართული ოცნებისთვის”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.