სალომე ზურაბიშვილის კოორდინაციით მოქმედი “წინააღმდეგობის პლატფორმა”, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილს აერთიანებს, “ვაიმარის სამკუთხედის” ლიდერებს, ემანუელ მაკრონს (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცს (გერმანიის კანცლერი) და დონალდ ტუსკს (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) წერილით მიმართავს.
წერილში ქართველი პოლიტიკოსები მადლობას უხდიან ევროპელ ლიდერებს დამოუკიდებლობის დღეს მათგან გამოცხადებული მხარდაჭერისა და სოლიდარული გზავნილის გამო, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერის გამო.
“ბოლო დროს განვითარებული მოვლენები – მათ შორის დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის მზარდი რეპრესიები, დე-ფაქტო რეჟიმის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშოროს – ეწინააღმდეგება დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებსა და ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს. ეს სახიფათო ტრაექტორია, რომელიც ევროპის კარებთან ვითარდება, მხოლოდ მისი მტრების ინტერესებშია, მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და იყენებს დე-ფაქტო რეჟიმს მოსკოვის სტრატეგიული მიზნების გასატარებლად”, – ნათქვამია წერილში, რომელშიც ასევე ჩამოთვლილია ექვსი ნაბიჯი, რომელთა გადადგმასაც საჭიროდ მიიჩნევენ ქართველი პოლიტიკოსები კრიზისის დემოკრატიული გზით გადაწყვეტისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით. “წინააღმდეგობის პლატფორმა” “ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნებს სთხოვს, სხვა მოკავშირეებთან ერთად გაუძღვნენ საქართველოში მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს.
ნაბიჯები, რომლებსაც კრიზისის დასაძლევად აუცილებლად მიიჩნევს “წინააღმდეგობის პლატფორმა”, შემდეგია:
· ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება – საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული გეგმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად, მკაფიო პირობებით, რომელიც ერთდროულად წაახალისებს პროგრესს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მკაცრად დადგენილ ვადებში.
· სანქციების პოლიტიკა – მიზნობრივმა სანქციებმა უკვე მოახდინა გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ ვერტიკალზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საკვანძო ფიგურების წასვლამაც დაადასტურა: ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და სულ ახლახან, ვახტანგ გომელაური (რომელიც ამერიკულ “მაგნიტსკის აქტსა” და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების სიაშია შესული). ქართველი ხალხი მოელის ამ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს ხელს უშლის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და ამცირებს რეჟიმის გავლენას.
· ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება – არჩევნები უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტად ღია და დემოკრატიულ გარემოში და უნდა აღმოიფხვრას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ყველა ჩავარდნა. შესაბამისი ინსტიტუტების დემოკრატიული ლეგიტიმაციის და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად განსაზღვრულია მკაფიო პირობები და გარანტიები და აუცილებელია მათზე შეთანხმება და მათი ზედმიწევნით შესრულება.
· საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და საქართველოს ევროპული კურსის აღდგენის საგზაო რუკა – აუცილებელია კოლექტიური ძალისხმევა დემოკრატიულ ნორმებთან სწრაფად დასაბრუნებლად და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად.
· სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა – მიმდინარე დევნისა და ფინანსური ზეწოლის პირობებში, მნიშვნელოვანია მუდმივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ხმების შესანარჩუნებლად და ავტორიტარიზმისკენ სვლის შესაჩერებლად.
· პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება – ყველა პოლიტპატიმარი, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და რეჟიმის მსხვერპლებად იქცნენ ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო, უნდა განთავისუფლდნენ დაუყოვნებლივ და უპირობოდ.
“ვაიმარის სამკუთხედის” წევრი ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში მხარი დაუჭირეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და დაგმეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომლებმაც დემოკრატიის უკუსვლა გამოიწვია.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპელი ლიდერების ეს წერილი “ქართველ ხალხზე სამარცხვინო თავდასხმად” შეაფასა.
