ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, სინამდვილეში უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას. ამის შესახებ ნათქვამია „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.
განცხადების თანახმად, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ერთსულოვნება! – „არ დავუშვებთ, რომ ვინმემ გაანადგუროს ათწლეულების მანძილზე ნაშენები ნდობა და მეგობრობა ამერიკასთან“.
„ამერიკა იყო და რჩება ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გზაზე.
აშშ-ის ხალხი და ხელისუფლება გვერდში გვიდგას მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ბლოკავს ევროპულ პერსპექტივას, ანგრევს ინსტიტუტებს, კლავს დემოკრატიას და ქვეყანას რუსულ იზოლაციაში ექაჩება.
ამის ცხადი მაგალითია „MEGOBARI აქტი“ – უპრეცედენტო მხარდაჭერით მიღებული ისტორიული აქტი, რომელიც ამბობს ერთმნიშვნელოვან „დიახ“ ქართველ ხალხს და „არას“ ავტორიტარიზმს.
ჩვენ, “წინააღმდეგობის პლატფორმა”, ვამბობთ: საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი. საქართველოს მომავალი, დაცულობა და უსაფრთხოება დაკავშირებულია ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან. ჩვენი ქვეყნის მარტო და დაუცველად დატოვება წარმოადგენს მტრის ინტერესს.
კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის წარმოადგენს ძალაუფლების მიმტაცებელი მცირე ჯგუფის ინტერესს, რომელიც ცდილობს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში გადარჩენას.
ჩვენ უარვყოფთ კონსპირაციებს, ყალბ ბრალდებებს და ანტიდასავლურ კამპანიას, რომელსაც რეჟიმი კოორდინირებულად ახორციელებს.
ჩვენი მიზანია არ დავუშვათ ურთიერთობების გაფუჭება აშშ-თან და ევროპელ მეგობრებთან, რომ ქართველი ხალხი დაუბრკოლებლად დაუბრუნდეს თავის უალტერნატივო მომავალს და განვითარების პერსპექტივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის წევრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-თან.
ჩვენ, “წინააღმდეგობის პლატფორმა”, გამოვხატავთ ქართველი ხალხის საუკუნოვან და ურყევ არჩევანს!
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთსულოვნება! არ დავუშვებთ, რომ ვინმემ გაანადგუროს ათწლეულების მანძილზე ნაშენები ნდობა და მეგობრობა ამერიკასთან.
ამ კრიზისიდან, რომელიც რეჟიმის მიერ შეგნებულადაა შექმნილი, არსებობს ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი – ახალი, თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება“,- ნათქვამია განცხადებაში.
