“წინააღმდეგობაშია ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან” – პროფესორი ზაალ კოკაია

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაალ კოკაია “ოცნების” მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კონცეფცია წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
“უკვე 35 წელია, რაც შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ვსაქმიანობ. დავიწყე როგორც დოქტორანტმა და დღეს ვარ ამავე უნივერსიტეტში კლინიკური კვლევების კათედრის პროფესორი. ამას იმის საილუსტრაციოდ ვწერ, რომ ზუსტად ვიცი თუ რა არის ევროპული განათლება, სამეცნიერო კვლევები და ბოლონიის პროცესი, რადგანაც ამ სისტემის ნაწილი ვარ ამდენი წელია.
„უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა საქართველოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან. მე მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
ბოლონიის პროცესი მოითხოვს, რომ უნივერსიტეტებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი აკადემიური პროფილი და საგანმანათლებლო პროგრამები. შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით კი სახელმწიფო გეგმავს დანერგოს პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, რაც ზღუდავს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიას და აკადემიური თავისუფლებას. როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით, ასევე შეიზღუდება უნივერსიტეტების ფინანსური ავტონომია და აკადემიური დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ, ეს მიდგომა ხელისუფლებას მისცემს უნივერსიტეტებზე ზემოქმედების ბერკეტს, და სავარაუდოდ ამ ცვლილების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.
ბოლონიის პრინციპები გულისხმობს სამეცნიერო კვლევის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და აკადემიურ თავისუფლებას. კონცეფცია კი ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო მოდელით კვლევების დაფინანსების სისტემის ინტეგრირებას უნივერსიტეტებთან. ეს უეჭველად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს, ასევე იმ კვლევებს, რომლებიც არ ჯდება სახელმწიფო პრიორიტეტების ნუსხაში.
უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების განსაზღვრა სახელმწიფო დაკვეთით, ასევე არაა თანხვედრაში ბოლონიის პრინციპებთან და ესეც ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას. შემოთავაზებული მიდგომით იკარგება ჰუმანიტარული და ფუნდამენტური მეცნიერებების მნიშვნელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია.
აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რა არის ის გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მიღებას. ეს მიდგომა ზოგადად ეწინააღმდეგება გლობალური მობილურობისა და ინტერნაციონალიზაციის ევროპულ პრინციპებს.
და ბოლოს, მოთხოვნა რომ ყველა სრული პროფესორი და ასოცირებული პროფესორი იყოს მთლიან განაკვეთზე დასაქმებული და სხვები კი მხოლოდ საათობრივად, ზღუდავს აკადემიურ მოქნილობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ან საერთაშორისო თანამშრომლებისთვის და აფერხებს ბოლონიის პრინციპების განხორციელებას”,- წერს ზაალ კოკაია.
16 ოქტომბერს მ განათლების რეფორმის პრეზენტაცია წარუდგინა. იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.