გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ქალებს, რომლებსაც გუშინ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან “ოცნების” წარმომადგენლები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ ფაშისტებს უწოდებს.
წილოსანი ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან მომდინარე “აგრესიაზე” საჭირო იყო, “ოცნების” წარმომადგენლებს “რაღაც ფორმით” პასუხი გაეცათ.
“ოფისში, ერთ თავიანთ წერტილში მყოფ ადამიანებს მიუვარდნენ ეს ფაშისტები და პროვოცირებდნენ. თქვენ ამბობთ, რომ მღეროდნენო. ეს სიმღერა გულისხმობს “ქართული ოცნების” ყველა წევრის დედის გინებას და დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ ქართველები, შეგიძლიათ იხილოთ ისტორიულად და ტრადიციულად.
თქვენ მოძალადე ჯგუფებში გამოყოფთ ქალებს, რომლებიც ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდაჭერებს და ამით ცდილობთ გაიტანოთ ეს, როგორც ქალთა წინააღმდეგ ძალადობა. ამგვარად თქვენ ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ აყენებთ იმ ქალებს, რომლებიც მართლა ძალადობის მსხვერპლები არიან.
ფაშისტები იყვნენ ქალები და კაცებიც. ადამიანებიც და საზოგადოებაც რომ ვუყურებთ ამას, გარკვეულ წილად, გვიჩნდება რაღაც გაგების სურვილი, როდესაც იქითა მხარე ასე აგრესიულია, რაღაც ფორმით აუცილებლად უნდა გაეცეს ამას პასუხი”, – თქვა წილოსანმა.
შეგახსენებთ, 8 სექტემბერს შტაბთან ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის ათზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტებიც. ოპოზიციის თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა სცემეს.
