წილოსანის მოთხოვნით, “მთავარი არხის” ჟურნალისტს პარლამენტში 1 თვით შესვლა აეკრძალა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს 1 თვით პარლამენტში შესვლა აუკრძალეს. ტელეკომპანიამ შესაბამისი წერილი პარლამენტის აპარატიდან მიიღო.
ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, ჟურნალისტი “შაბათის მთავარისთვის” ამზადებდა სიუჟეტს, რისთვისაც პარლამენტში, დეპუტატს “აგენტების კანონის” მხარდაჭერის შემდეგ მოსალოდნელ სანქციებზე ჰკითხა. წილოსანმა მას კითხვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ პარლამენტში მოქმედი წესების მიხედვით, იგი ტელეკომპანია “მთავარ არხს” არ ეწერება. კითხვის დასმის კიდევ ერთი მცდელობის დროს, დეპუტატმა ჟურალისტს უთხრა: “მე გავაკეთებ განაცხადს, რომ თქვენ დაგასანქცირონ”.
პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესები პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით 2023 წლის 1 მარტიდან შეიცვალა.
ახალი წესებით, იმ მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აშუქებენ საპარლამენტო საქმიანობას, განისაზღვრა აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა – ონლაინ მედიისთვის ეს არის არაუმეტეს 4 ჟურნალისტი.
პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, პარლამენტის შენობაში მყოფი ჟურნალისტი ვალდებულია:
· ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას;
· წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი;
· პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ;
· პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
· არ დაუშვას თავისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური ან დისკრიმინაციული მიმართვა ან ქმედება;
· დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის ან მანდატურის მითითებებს;
· სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.
წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტებზე სანქციებია გათვალისწინებული. თუ საპარლამენტო ჟურნალისტი ჩამოთვლილ წესებს დაარღვევს, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება, შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთი თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება დაუშვებელია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ