“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე “ქართულ ოცნებას” საჯარო მოხელეების დახმარებით ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დაასახელა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ამომრჩევლებს პირადობის მოწმობები წაართვეს.
ერთ-ერთი, ვისაც წითლიძე ამაში ადანაშაულებს ენგურჰესის დირექტორი, ლევან მებონიაა. მისი მტკიცებით, მებონია პირადობის მოწმობებს ენგურჰესის იმ თანამშრომლებს ართმევს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები.
წითლიძე მებონიას კიდევ უფრო მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს. მისი თქმით, მებონია ენგურის ხიდზე, დე ფაქტოდ მოწყობილ საზღვარზე, რუს სამხედროებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ საარჩევნო დღეებში ხიდი ჩაიკეტოს.
წითლიძე ამბობს, რომ აქვს ორივე ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც უკვე გადასცა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს.
“ლევან მებონიას დავალება აქვს, რომ ენგურჰესის თანამშრომლებს, უმეტესობას, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები, ჩამოართვას პირადობის მოწმობები, რომ ამ ადამიანებმა ვერ შეძლონ არჩევნების დღეს არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა. მეორე, რომელიც არის კიდევ უფრო მძიმე დანაშაული. ლევან მებონია, ენგურჰესის დირექტორი არის მთავარი მომლაპარაკებელი რუს ოკუპანტებთან, რომ 24, 25 და 26 ოქტომბერს დაიკეტოს ენგურის ხიდი – რუსმა ოკუპანტებმა დაკეტონ ენგურის ხიდი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა ანი წითლიძე.
ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების იძულებით ჩამორთმევაში წითლიძეს ადანაშაულებს ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაციას. ასევე, პაატა გეგეჭკორს, რომელიც წითლიძის ინფორმაციით, არის სოფელ ოქტომბრის რწმუნებული და აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლების – ზაალ გეგეჭკორს, ზაზა გოგუასა და თემურ ბოკუჩავას.
წითლიძის დასახელებულ პირთაგან ერთ-ერთია ოთარ კოდუა, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრის, დავით კოდუას მამა. ოთარ კოდუა წითლიძეს აქამდეც არაერთხელ დაუდანაშაულებია მათ წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებში – სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმებში და პროვოკაციებში.
“მინდა მივმართო სოციალურად დაუცველებს, ნებისმიერ ზუგდიდელს და შევახსენო: პირადობის მოწმობის ჩამორთმევა არის სისხლის სამართლის დანაშაული, ხოლო ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაიძულებთ, პირადობის მოწმობა მისცეთ, ვინც არ უნდა იყოს ის, დამნაშავეა”, – განაცხადა ანა წითლიძემ და და მოსახლეობას მოუწოდა, მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, კიდევ ვინ სთხოვს მათ პირადობის მოწმობებს.
წითლიძე მათ დოკუმენტების დაბრუნებას და სამართლებრივ მხარდაჭერას ჰპირდება.
ის ამბობს, რომ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანისთვის შეძლო პირადობის დაბრუნება. მისი ინფორმაციით, პირადობებს ოპოზიციურადაა განწყობილი მოქალაქეებს ართმევენ, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა.
საკითხს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”, ანა კობახიძე. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები ფიქსირდება სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, კახეთში. კობახიძეს აღწერილი აქვს შემთხვევები, როცა საკრებულოებისა და მერიების თანამშრომლები მათზე დაქვემდებარებულ პირებს ართმევენ დოკუმენტებს, ან სთხოვენ მათი ასლების მიწოდებას და ინიშნავენ მათ პირად ინფორმაციას. კობახიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას თქვა, რომ ადამიანები, ვისგანაც მან ინფორმაცია მიიღო, ამ ეტაპზე თავს იკავებენ იდენტიფიცირებისგან.
როგორც კობახიძე, ისე წითლიძე მსგავს შემთხვევებზე აქამდეც საუბრობდნენ.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ლევან მებონიას. მას შემდეგ, რაც მან გაიდო რომ მედიიდან ვურეკავდით და კითხვები გვქონდა, გვითხრა, რომ შეხვედრა აქვს და მობილური გაგვითიშა. ჩვენ ვცადეთ ზუგდიდის საკრებულოს წევრთან, თაზო ფაცაციასთან დაკავშირება. თუმცა, მას მობილური ტელეფონი გათიშული აქვს.
“ნეტგაზეთი” ცდილობს გარკვევას, დაწყებული აქვს თუ არა გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის კომპეტენციაა პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. ასევე, დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციას. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაციას განვაახლებთ.