თეთრი სახლის განცხადებით, წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში ირანი მნიშვნელოვნადაა ჩართული.
როგორც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიან უოტსონმა, აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, ირანი ჰუსიტებს შეიარაღებასა და ფინანსებს აწვდის. ასევე, აწვდის ტაქტიკურ სადაზვერვო ინფორმაციას წითელ ზღვაში სხვადასხვა ქვეყნის კომერციული და სამხედრო გემების გადაადგილების შესახებ. უოტსონის თქმით, ის წვრთნის ჰუსიტ მებრძოლებსაც.
“ღაზის კრიზისის პერიოდში ირანის მხარდაჭერამ ჰუსიტებისადმი მათ საშუალება მისცა განეხორციელებინა თავდასხმები ისრაელსა და საზღვაო სამიზნეებზე,” – აღნიშნა უოტსონმა.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის თქმით, 2015 წლის შემდეგ ირანმა ჰუსიტებს გადასცა დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სისტემები. მათ შორის, უპილოტო საჰაერო სისტემები, საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები.
უოტსონის თქმით, ირანის დახმარების გარეშე, ჰუსიტები ვერ შეძლებდნენ წითელ ზღვაში კომერციული გემების გადაადგილების მარშრუტის დადგენას და სარაკეტო თავდასხმების განხორციელება გაუჭირდებოდათ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა წითელ ზღვაში გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო, სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და “ჰამასს” შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მხოლოდ 18 დეკემბერს, წითელი ზღვის სამხრეთში ჰუსიტები თავს დაესხნენ 2 სატვირთო გემს.