წითელ ზღვაში პრობლემების გამო Tesla ბერლინის ქარხანაში წარმოებას აჩერებს

ელექტრო მანქანების მწარმოებელი Tesla Inc. გეგმავს ორი კვირით შეაჩეროს წარმოება ბერლინის ქარხანაში, წითელი ზღვის გავლით ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, წერს The Wall Street Journal.
გაზეთი მიიჩნევს, რომ ეს არის სიგნალი იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება წარმოადგენს ახალი მიწოდების ჯაჭვის კრიზისის საფრთხეს ევროპელი მწარმოებლებისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან კომპონენტებზე ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან.
Tesla-მ განაცხადა, რომ 29 იანვრიდან თითქმის მთლიანად შეწყვეტს წარმოებას ბერლინთან ახლოს მდებარე „გიგაქარხანაში“ კომპონენტების დეფიციტის გამო. წარმოება 12 თებერვალს განახლდება.
„ტრანსპორტის დროის მნიშვნელოვანი ზრდა ქმნის უფსკრულს მიწოდების ჯაჭვებში. კომპონენტების დეფიციტის გამო, ჩვენ იძულებულნი ვართ შევაჩეროთ მანქანების წარმოება ბერლინის ქარხანაში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ბერლინ-ბრანდენბურგის გიგაქარხანა Tesla-ს პირველი წარმოების ადგილია ევროპაში.