„2025 წელი ტვირთბრუნვის კუთხით ძალიან კარგად დაიწყო“- ასე აფასებს წლის დასაწყისს COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი bm.ge-სთან ინტერვიუში. გივი ჩაჩანიძე ამბობს, რომ გასულ წელს დერეფანში საკონტეინერო ტვირთები შეინარჩუნეს და მიმდინარე წლის მიმართაც მოლოდინები პოზიტიურია, თუმცა მისი თქმით, ექსპორტი ზრდის ტემპის შემცირდა, რაც კასპიის ზღვის გამტარუნარიანობის პრობლემით არის გამოწვეული.
მისი თქმით, გადაზიდვის ბიზნესი წელს განსაკუთრებულ აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს, რადგან წითელი ზღვის კრიზისი ფონზე ეს მარშრუტი მნიშვნელოვნად გააქტიურდა. თუმცა დარგის წარმომადგენლის შეფასებით, სუეცის არხის აღდგენის შემთხვევაში, სამწუხაროდ, შუა დერეფანი დიდ მოცულობის ტვირთებს დაკარგავს, რადგან წლები გადის და დერეფანი სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის გამართული. გივი ჩაჩანიძე ამბობს, რომ შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის განსაკუთრებული პრობლემა ყაზახეთის ტერიტორიაზეა, რადგან კასპიის ზღვა ტვირთებს ვერ ატარებს და მუდმივად იჭედება.
„თუ საკონტეინერო ბრუნვას შევხედავთ დიდი მასშტაბის ზრდა არ გვაქვს, თუმცა ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენ ძალიან დიდი 65%-იანი ზრდა გვქონდა 2023 წელს და ველოდით, რომ ამას 2024 წელს ვარდნა მოჰყვებოდა, რადგან უეცარი ზრდას, როცა ვერ ვხედავთ რეგიონში რაიმე დიდ წარმოებას, აუცილებლად მოჰყვება უეცარი ვარდნა.
თუმცა საიმედო მდგომარეობას არის ის, რომ ისე გავიდა 2024 წელი ტვირთბრუნვა შევინარჩუნეთ, 2025 წელიც ძალიან კარგად დაიწყო ტვირთბრუნვის კუთხით, გვაქვს ისევ და ისევ შენარჩუნება და ზოგიერთ შემთხვევაში ზრდა. სამწუხაროდ, მცირედი ვარდნაა ექსპორტში. ეს გამოწვეულია გარკვეული ფაქტორებით: კასპიის ზღვას ცოტა უჭირს, გაჭედილია ტვირთბრუნვის გამო და გარკვეული ტვირთები ვერ აღწევს საქართველომდე.
მოლოდინები მეტად შუა დერეფანზე აქვს გადაზიდვის ბიზნესს წელს, იმიტომ, რომ სიგნალები და ინფორმაციები რაც გვაქვს მიმოცვლაში, ძირითადი აქცენტირება შუა დერეფანზე ხდება.
წითელი ზღვის კრიზისი გამო შუა დერეფანი უფრო გააქტიურდა, რადგან ჩინეთიდან ევროპაში უფრო მალე შედიხარ, ვიდრე აფრიკის მოვლით. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კრიზისი შეწყდება და სუეცის არხი მთლიანად აღდგება, ამიტომაც 2025 წელს დიდი ყურადღება შუა დერეფანს ეთმობა. თუ ვნახეთ, რომ აღმოიფხვრა ეს კრიზისი ჩვენდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ არის კარგად გამართული, როგორც კი სუეცის არხის პრობლემა გადაიჭრება, ავტომატურად შუა დერეფანზე ტვირთების დიდ მოცულობას დავკარგავთ.
კასპიის ზღვის პრობლემა ყაზახებმა და აზერბაიჯანელებმა უნდა გადაწყვიტონ. რაც უფრო მეტი ყურადღება მოდის შუა დერეფანზე, მით უფრო მეტი პრობლემა იქმნება და იჭედება ტვირთები. ჩვენც ძალიან ბევრი ტვირთი გვაქვს გაჭედილი. პრიორიტეტი ეთმობა შუა დერეფნის ტვირთს, ამ დროს იჩაგრება ყაზახური ექსპორტი, ჩერდება, მერე ყაზახები ნაწყენები რომ არ დარჩნენ ცდილობენ თავიანთი გამოიტანონ, მერე შუა დერეფნის ტვირთი იჭედება“, – აცხადებს გივი ჩაჩანიძე.