„შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი” (Creative Collective Spectrum-ი) დათანხმდა „აჭარა ჯგუფის” წინადადებას წიგნის პრეზენტაციისთვის მათი სივრცის გამოყენების შესახებ. გამომცემელმა ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ წიგნის „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია გაიმართება დღეს, 6 მარტს, 19:30 საათზე სახელოვნებო სივრცეში, „არტარეის” ტერიტორიაზე.
როგორც Creative Collective Spectrum-ი აღნიშნავს, წიგნის შემოქმედებითი ჯგუფისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ღონისძიება დათქმულ დროს გამართულიყო სახელოვნებო ინსტიტუციის კედლებში.
„პირველ რიგში, მადლობას ვუხდით იმ სივრცეებს და ორგანიზაციებს, რომელმაც ჩვენი განცხადების შემდეგ გამოთქვა მხარდაჭერისა და კრიტიკულ დროს გვერდში დგომის სურვილი.
ამ განცხადებას ასევე გამოეხმაურნენ „აჭარა ჯგუფის” წარმომადგენლები, რომლებმაც გამოთქვეს ინიციატივა, თავად გამოეყოთ „არტარეას” სახელოვნებო სივრცე, სადაც უზრუნველყოფდნენ მის სრულად აღჭურვას, რათა შესაძლებელი გამხდარიყო დაგეგმილი ღონისძიების დროულად, დაცულად, და სრულყოფილად ჩატარება”, – აცხადებს Creative Collective Spectrum-ი.
გამომცემელი მიიჩნევს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო არ გაუქმებულიყო ღონისძიება.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სისტემის მზარდი პოპულისტური ჰომოფობიური რიტორიკისა და წნეხის ფონზე, არ დაგვეშვა ღონისძიების გაუქმება ან გადატანა ისეთ ადგილას, რომელიც სრულად ვერ პასუხობს წიგნის პრეზენტაციის კონცეფციას, და ამასთან ერთად, არ დაგვეშვა პრეცედენტი, სადაც ხელოვნება ცენზურას ექვემდებარება.
სასიხარულოა ფაქტი, რომ ჩვენს საზოგადოებაში, როგორც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, უამრავ ჯგუფსა და ინდივიდს, ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებს აქვთ მზაობა, არ დაუშვას კრიტიკული ხმის ჩახშობა და შეძლოს სოლიდარული გაერთიანება გამოწვევების წინაშე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
4 მარტს „შემოქმედებითმა გაერთიანება სპექტრმა“ საჯაროდ გამოთქვა აღშფოთება იმის გამო, რომ „თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის“ ხელმძღვანელმა ნესტან ნიჟარაძემ უარი უთხრა წიგნის შეთანხმებულ პრეზენტაციაზე.
პროექტის ავტორებმა დაწერეს, რომ ნესტან ნიჟარაძემ 6 მარტისთვის დაგეგმილი ღონისძიება „აბსურდული მიზეზით“ – „სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო” გააუქმა.
„მულტიმედია მუზეუმი“ საგამოფენო დარბაზს სასტუმრო „სტამბაში“ ქირაობს, ეს შენობა კი „აჭარა ჯგუფს“ ეკუთვნის. კომპანიამ 5 მარტს განაცხადა, რომ ამ სივრცეში ღონისძიებების დაჯავშნა მათი კომპეტენცია არ არის. „აჭარა ჯგუფმა“ პროექტის ავტორებს პრეზენტაციისთვის სახელოვნებო სივრცე „არტარეის“ ტერიტორია შესთავაზა.
„თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი” ფეისბუკზე გამოეხმაურა წიგნის საინიციატივო ჯგუფს და მათი განცხადება ფაქტების მანიპულაციად შეაფასა. მან თქვა, რომ წიგნის პრეზენტაციის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა პრეზენტაციის დღეს მუზეუმში უსაფრთხოების ზომების დაცვის საკითხი დააყენა. მუზეუმმა კი აღნიშნა, რომ მას არ აქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფის რესურსი.
წიგნი „ცისფერი“ თანამედროვე ხელოვნების არტისტების, დავით აფაქიძისა და უტა ბექაიას იდეით შექმნილი გამოცემაა. ის ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარსა და სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს. გამოცემა ქრონოლოგიურად მიმოიხილავს შემოქმედებით ეპოქებს და ერთ ამბად კრავს ქვიარ ხედვებს ქართულ ხელოვნებაში.
გამოცემას რამდენიმე ავტორი ჰყავს: ქეთევან შავგულიძე, ნიკა ნადირაშვილი, ქრისტინე დარჩია, გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი და ხათუნა ხაბულიანი. წიგნი ასევე მოიცავს გიორგი კიკონიშვილის, უტა ბექაიას, ლაშა ყაბანაშვილისა და ანდრო დადიანის ტექსტებს. წიგნის დიზაინი ეკუთვნის მანანა არაბულს.
ქართული ქვიარ გამოცემის ფინანსური მხარდამჭერები არიან ნიდერლანდის, შვეიცარიის და ნორვეგიის საელჩოები, ასევე გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
პროექტის ავტორების განსაკუთრებული აღშფოთება იმ წინაპირობებმა გამოიწვია, რაც უძღოდა წიგნის პრეზენტაციის გაუქმებას.
27 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა წიგნის, „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” შესახებ. მხოლოდ ყდასა და სახელწოდებაზე დაყრდნობით, მან თქვა, რომ გამოცემა ავრცელებს მოსაზრებას, „ვითომ ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტ პროპაგანდის მაგალითები“.
29 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გეგმავენ შეიმუშაონ კანონპროექტი, რომლის მიზანიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაცვაა.
რუსეთში 2022 წლის დეკემბრიდან აიკრძალა ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები – მოქალაქეებისთვის 400 000 რუბლამდე და ორგანიზაციებისთვის ხუთ მილიონ რუბლამდე. 2023 წლის 30 ნოემბერს კი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით აკრძალა არარსებული საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა და ის ექსტრემისტულად გამოაცხადა.