წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა

საღამო, რომელიც გურული სიმღერით დაიწყო და მეხსიერებაში დარჩა.
ეროვნულ სასახლეში წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა. თბილი, უშუალო და ემოციებით სავსე საღამო, რომელიც ერთდროულად იყო შეხვედრა, მოგონება და მადლიერების გამოხატვა.
ღონისძიებას უძღვებოდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. ღონისძიების მიმდინარეობისას მუდმივად იგრძნობოდა მთავარი – ეს არ იყო მხოლოდ წიგნის წარდგენა, ეს იყო საუბარი ადამიანზე, რომლის სახელიც გურული სიმღერის ცოცხალ ისტორიად იქცა.
გამოცემა საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობის“ ინიციატივით შეიქმნა გალობის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. წიგნი ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის ფონდისვე გამოცემას „გური და ტრისტან სიხარულიძეები“ და აერთიანებს ტექსტებს, ფოტომასალასა და დოკუმენტურ წყაროებს, რომლებიც მკითხველს არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ ხმასა და დროსაც აცნობენ – იმ გზას, რომელიც ტრისტან სიხარულიძემ გურული მრავალხმიანობის აღდგენის, დაცვისა და გავრცელებისთვის გაიარა. ტრისტან სიხარულიძის ღვაწლსა და მის მნიშვნელობაზე მომავალი თაობებისთვის ვრცლად ისაუბრა ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა და გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ, რომლის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობითაც მომზადდა ახალი გამოცემა.
ნანა გოთუა, ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელი:
„ვმასპინძლობთ ბატონ ტრისტან სიხარულიძეს, გურული სიმღერის დიდოსტატს. ადამიანს, რომელმაც შექმნა ეპოქა. წიგნი „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ შეიცავს ძალიან საინტერესო მასალებს და ილუსტრირებულია, ასევე ერთვის გურული სიმღერების ჩანაწერები. ეს არის უნიკალური აუდიომასალა, რადგან სამივე ხმას ბატონი ტრისტან სიხარულიძე ასრულებს. მუსიკალური ალბომი „გალობის უნივერსიტეტის“ ხმის ჩამწერ სტუდიაში შეიქმნა. ტრისტან სიხარულიძე არის ნათელი მაგალითი მომავალი თაობებისთვის, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, გაიაროს შემოქმედებითი გზა და ემსახუროს ქართულ ფოლკლორს“.
საღამოს ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო ცერემონია, რომლის დროსაც ბატონ ტრისტან სიხარულიძეს ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება. დიპლომი გადასცა ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ქართული მრავალხმიანობა დაიცვეს, შეინარჩუნეს და თაობებს შემოუნახეს – მათ შორის, განსაკუთრებული ადგილი ტრისტან სიხარულიძეს უკავია.
ვანო ჩხარტიშვილი, ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელი:
„ანზორ ერქომაიშვილი ამბობდა ბატონ ტრისტანზე – ყველა სიმღერა უნდა ჩავწეროთ მისი შესრულებით, რადგან ეს არის უნიკალური ხმა და უნიკალური ნამღერი უნიკალური შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანისა. ჩვენ გამოვეცით წიგნი მისი მოღვაწეობის შესახებ მისივე შესრულებული სიმღერის ნიმუშებთან ერთად, იმისთვის, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ, ვინც დღეს ეუფლება ქართულ ფოლკლორს, იცოდეს, ვინ არის ტრისტან სიხარულიძე და როგორი უნიკალურია მისი საშემსრულებლო ნიჭი. ვისურვებ, რომ ძალიან დიდხანს ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას, გურიას და ქართულ კულტურას ბატონი ტრისტანი“.
უშუალო და ემოციებით სავსე საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია. მათ თავიანთ გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნეს ტრისტან სიხარულიძის როლი ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში და იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს, რაც ასეთ ადამიანებთან დამოკიდებულებას ახლავს.
თინათინ რუხაძე, კულტურის მინისტრი:
„არაჩვეულებრივი წიგნი გამოვიდა ბატონი ტრისტან სიხარულიძის შესახებ, რომელიც არის გურული სიმღერების ნამდვილი მოამაგე, გამგრძელებელი იმ დიდი გზის, რასაც ჩვენი ბევრი თაობა, ფოლკლორისტი ემსახურებოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ გამოცემისთვის, რომელიც არის ორენოვანი და თან აუდიოალბომიც ახლავს ფონდს „ქართული გალობა“, ქალბატონ ნანა გოთუასა და ვანო ჩხარტიშვილს. მათი ჩართულობა ნამდვილად არის კარგი კოლაბორაცია სახელმწიფოსთან, დაფასება ჩვენი არტისტების შემოქმედების. ფოლკლორზე ზრუნვა არის ფასდაუდებელი შრომა და მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ბატონი ტრისტანი კიდევ ბევრ ახალგაზრდას გაზრდის“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, გურიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ფოლკლორისტები, მუსიკოსები და ის ადამიანები, ვისთვისაც ტრისტან სიხარულიძის უნიკალური საშემსრულებლო სტილი და ცხოვრება, რომელიც მთლიანად გურული სიმღერის აღდგენას, დაცვასა და გავრცელებას მიუძღვა, კარგად არის ცნობილი.
ტრისტან სიხარულიძე, ანსამბლ „შვიდკაცას“ ხელმძღვანელი:
„დიდი სიხარული და ბედნიერება მეწვია დღეს, რომ ამდენი ხალხი მეფერება, ამდენი ხალხი მოვიდა ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც პირველ რიგში ეს მოიფიქრა და შემდეგ განახორციელა. ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიებას ესწრება“.
საღამოს განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცოცხლად მოესმინათ ტრისტან სიხარულიძის ყველასგან გამორჩეული საშემსრულებლო სტილი – ხმა, რომელმაც დარბაზში კიდევ ერთხელ მონუსხა ყველა. ღონისძიებაზე გურული პოლიფონიის ნიმუშები შეასრულეს: საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „ბასიანი“, მამადავითის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდმა, ფოლკლორის ცენტრისა და გალობის უნივერსიტეტის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა. პრეზენტაცია ერთობლივი „ხასანბეგურათი“ დასრულდა, რომელიც ოსტატთან ერთად შეასრულეს. ამ ემოციურმა ფინალმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ყველას, რატომ რჩება ეს ხმა თაობებს შორის უხილავ ხიდად.