კალიფორნიაში, წიგნის კლუბის წევრებმა 28 წელი გაატარეს ჯეიმს ჯოისის ექსპერიმენტული რომანის Finnegans Wake-ის კითხვაში და მაინც ვერ გაიგეს მისი მნიშვნელობა. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.
კლუბი, რომელიც შედგება დაახლოებით 20 ადამიანისგან, შეიქმნა ვენეციის რაიონულ ბიბლიოთეკაში 1995 წელს.
მას შემდეგ წევრები ყოველი თვის პირველ სამშაბათს იკრიბებოდნენ ჯოისის ამ რომანის წასაკითხად და განსახილველად. წლების განმავლობაში კლუბის შემადგენლობა ძალიან შეიცვალა. ბევრმა მონაწილემ შეწყვიტა რომანის კითხვა სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ სხვები ყოველთვის იკავებდნენ მათ ადგილს.
3 ოქტომბერს კლუბის დამფუძნებელმა, კინორეჟისორმა ჯერი ფიალკამ რომანის ბოლო გვერდი წაიკითხა. ბოლო გვერდის წაკითხვა შედგა ონლაინ, რადგან კლუბის წევრები ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ. მათ The Washington Post-თან ინტერვიუში თქვეს, რომ წამითაც არ ნანობენ დახარჯულ დროს, თუმცა მათი თქმით, რომანის შინაარსს მაინც ვერ ჩასწვდნენ.
კლუბის წევრმა, 38 წლის პიტერ კვადრინომ თქვა, რომ Finnegans Wake-ის კითხვა და განხილვა ყველაზე მხიარული იყო, რაც კი ოდესმე ჰქონია. მას მიაჩნია, რომ თავის წიგნში ჯოისმა იწინასწარმეტყველა კონფლიქტები მსოფლიო ძალებსა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას შორის.
ტეხასელი 78 წლის დუნკან ეკლსონმა თქვა, რომ რომანი გთავაზობთ „კოსმოლოგიურ ლინზს, რომელიც გაიძულებს ღრმად შეხედო ენას, ურთიერთობებს, ისტორიასა და რელიგიას“.
წიგნის წაკითხვის შემდეგ კლუბის წევრებმა აღიარეს, რომ ბოლომდე ვერ გაიგეს რომანის შინაარსი, მაგრამ ამან ნამდვილად შეცვალა მათი შეხედულება ცხოვრებაზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ რომანმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად უმნიშვნელოა ისინი ისტორიის მოძრაობის ფონზე და რამდენად არასრულყოფილები არიან.