წიგნის გაყიდვების მიმართულებით სახარბიელო მდგომარეობა არ არის – “ბიბლუსი”

„წიგნის რიტეილის მიმართულებით დიდად სახარბიელო მდგომარეობა არ არის“, – ამის შესახებ Bm.ge-სთან საუბრისას „ბიბლუსის“ საოპერაციო დირექტორმა სოფო გორდაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ყოველთვის ხელს უშლის გაყიდვებს და აფერხებს გაყიდვების დინამიკას.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ წიგნის ბიზნესი ძირითადად დგას მომხმარებლის განწყობებზე გამომდინარე იქიდან, რომ ის არ არის პირველადი მოხმარების ნივთი. „ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ადამიანის განწყობა ისეთი იყოს, რომ წიგნის შეძენა მოუნდეს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ გაყიდვებში ზრდა არ არის.
„თითქმის შარშანდელ წელს ვიმეორებთ, რაც ერთი მხრივ, სტაბილურობას ნიშნავს, მეორე მხრივ კი არ არის სახარბიელო, ვინაიდან წიგნის გაყიდვებს წლიდან წლამდე ლოგიკური ზრდა უნდა ჰქონდეს. უფრო უკეთესის იმედი და მოლოდინი გვაქვს“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, „ბიბლუსი ჯგუფი“ ელოდება, რომ წლის ბოლომდე მსგავსი ტრენდი შენარჩუნდება.
„საერთო ჯამში, ეს წელი ძალიან არასტაბილური იქნება არაერთი მოვლენიდან გამომდინარე, მათ შორის გველოდება ოქტომბრის თვითმმართველობის . შესაბამისად, როგორ შესრულდება წლის დასაწყისში დასახული ჩვენი გეგმა, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით. თუმცა, ალბათ, წლის ბოლომდე არსებული ტრენდი შენარჩუნდება და წინა წლის მაჩვენებლებს გავიმეორებთ“, – განაცხადა სოფო გორდაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერი „ბიბლუსისთვის“ მნიშვნელოვანი პერიოდია და სწორედ ამ პერიოდში დაიგეგმება მარკეტინგული აქტივობები.