წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც კოსტავას ქუჩაზე, საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.
უწყების ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.
21 თებერვალს, კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმდებარედ, იქ, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ, ორი ადამიანი მცირე ზომის მანქანიდან გადმოვიდა, მათ თან ჰქონდათ მაჩეტე და ხელკეტი.
ფაქტის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე თვითმხილველმა გაავრცელა. ვიდეოს ავტორის ინფორმაციით, აგრესიული პირები პოლიციამ გააცილა.
უკვე 86 დღეა, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.
„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა