სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია KA Group-ის დამფუძნებელი ირაკლი ჭიღლაძე აცხადებს, რომ დღეს ტურიზმი რთული გამოწვევების წინაშეა და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება კიდევ უფრო ცუდ გავლენას მოახდენს სექტორზე. განცხადება ირაკლი ჭიღლაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გააკეთა. ის იზიარებს იმ პოზიციას, რაც ინდუსტრიის არაერთმა წარმომადგენლმა ტურიზმისთვის უვიზო რეჟიმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გააკეთეს.
,,ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ ევროპელი ტურისტი წელიწადში უფრო მეტს მოგზაურობს, ვიდრე თუნდაც იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც კარგად გვაქვს ათვისებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, [თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდა], ბიზნესზე მოახდენს გავლენას… ბრენდული სასტუმროები იძულებულები იქნებიან, კიდევ უფრო ჩამოწიონ ფასები, შესაბამისად, ჩვენ, ლოკალური ბრენდის სასტუმროებს, მოგვიწევს ვადაპტირდეთ. რა თქმა უნდა, მოახდენს ზეგავლენას”,- განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ.
KA Group-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პატარა სასტუმრომ საოფისე ფართებად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მათ ვერ გაუძლეს კონკურენციას.
,,წერტილი უნდა დავუსვათ ბუნდოვანებას, როდესაც ბიზნესს არ შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთოს დაგეგმარება; ეს ყველაზე რთული გამოწვევაა. პირობითად, დღეს რომ რომელიღაც ქვეყნებზე ვაწყობთ მარკეტინგულ სტრატეგიას, ხვალ შეიძლება, რაღაც შეზღუდვები დაეწესოს იმ ქვეყანას და შესაბამისად, თანხები, რომლებიც დაიხარჯა პოზიციონირებისთვის და დრო, რომელიც დაიხარჯა, შეიძლება დაიკარგოს.“- აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.
KA Group-ი ბაზარზე 2018 წლიდანაა და დღემდე, კომპანიას 27 სასტუმროს გახსნის, მართვის ან ქონსალთინგ სერვისებით თანამშრომლობის პრაქტიკა აქვს. ამჟამად, KA Group-ი საქართველოსა და სომხეთში სასტუმროების მართვის სფეროში ერთ-ერთი აქტიური მოთამაშეა. კერძოდ, მენეჯმენტ კომპანია საქართველოში [თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში] 5 სასტუმროს მართავს, ასევე, კომპანიის მართვაშია კურორტ საირმეში Sairme Hotels & Resortt; 2025 წლიდან კი კომპანია სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამი სასტუმროს მმართველიცაა.
წყარო: bm.ge
