წერეთელი კარპენტერზე: მივიღებთ უფრო ღრმა სანქციებს, რითიც, სამწუხაროდ, ქვეყანა ზარალდება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელის, მაიკ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთან ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.
გიგი წერეთლის თქმით, ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ ეს ათწლეულების ნაშენები ურთიერთობა უპირობო არ იქნებოდა, ხოლო ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ არცერთი პირობა არ შეესრულებინა.
“შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება, თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება. შესაბამისად, შედეგები არის სახეზე: ჩვენ ვნახეთ სანქციების პირველი ეტაპი, თავდაცვის სამინისტროსთან პროგრამის შეწყვეტა და თუ ცვლილებები არ იქნება და ხელისუფლების სტრატეგია არ შეიცვლება, კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მივიღებთ. მივიღებთ კიდევ უფრო ღრმა სანქციებს, რითიც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ზარალდება, ოღონდ თითოეულ მოქალაქეს, ვინც ამის ეფექტს იღებს, უნდა ესმოდეს, რომ ეს არის სწორედ ხელისუფლების მავნებლური და არასწორი პოლიტიკის ბრალი” – თქვა წერეთელმა.
-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ ამ მომენტში, საქართველოსთან აშშ-ის ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.
“საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია. მათ შორისაა ღირსეული პარტნიორის წვრთნები და სხვა ჩართულობები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან გვაქვს. ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით” – თქვა კარპენტერმა.