მიმდინარე წელს PEGAS Touristik Georgia-ს ტურისტული მიმართულებათა სიას ახალი ქვეყანა – ტუნისი დაემატება. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დირექტორმა, სალომე ბერაიამ განაცხადა.
დეკემბერში ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი Turkish Airlines-თან თანამშრომლობით, ტუნისში იმყოფებოდა და ამ ტურში 11 ტურისტული სააგენტო მონაწილეობდა. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული პირობების გაცნობა და ტურისტული პოტენციალის წარმოდგენა იყო.
“ყველა სააგენტო აღფრთოვანებული იყო. ტუნისი ნამდვილად განსაკუთრებულია – აქ ერთად არის აფრიკა, აზია და ევროპა. ქვეყანა ტურისტებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს, არა მხოლოდ სასტუმროებში ყოფნას, არამედ სანახაობებსა და კულტურულ ატრაქციონებს”, – აღნიშნა ბერაიამ.
მისი ინფორმაციით, სეზონი ტუნისში აპრილიდან ნოემბრის ბოლომდე გრძელდება, ხოლო PEGAS Touristik გაყიდვებს იანვრის ბოლოს დაიწყებს. ტური მოიცავს all inclusive სასტუმროებს, Turkish Airlines-ის ფრენებს, ტრანსფერებს, დაზღვევასა და ქვეყანაში არსებული მთავარი სანახაობების ექსკურსიებს. ტუნისი დამსვენებელს სთავაზობს უნიკალურ სანაპიროებს, ოაზისებს უდაბნოში და სხვა მრავალ აქტივობას, რაც სალომე ბერაიას შეფასებით ამ მიმართულებას ეგვიპტის მსგავსი პოპულარული მიმართულებების ალტერნატივად აქცევს.
“ტუნისი ხელმისაწვდომი და ძალიან საინტერესო მიმართულება იქნება, სადაც ტურისტებს არა მხოლოდ კომფორტული სასტუმროები, არამედ მრავალფეროვანი კულტურული და ბუნებრივი ატრაქციონები ელით. ტურისტული მიმართულების გაყიდვას სულ მალე დავიწყებთ და ფასიც მალე გახდება ცნობილი”, – განაცხადა ტურისტული კომპანიის დირექტორმა.
რაც შეეხება ტაილანდის მიმართულებას, რომელიც კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ დაამატა, ბერაიას თქმით, მისი განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ინტერესი ამ ტურების მიმართ დიდია, თუმცა ფრენების სირთულე და მაღალი ფასი ეკონომიურ ბიუჯეტს აღემატება, ამიტომ მოთხოვნა ძირითადად ჯგუფურ ტურებზეა: “ვფიქრობ, კიდევ 2-3 წელიწადში ტაილანდი ისეთივე პოპულარული იქნება, როგორც სხვა ტრადიციული მიმართულებები”, – დასძინა ბერაიამ.




