„წელს 4000 ტონამდე კაკლის მოსავალს ველოდებით“ – „ანიგოზი“

კაკლის გადამმუშავებელი საწარმო “ანიგოზის” თანადამფუძნებელი ანა ქევხიშვილი “ბიზნესპარტნიროთან” მიმდინარე წლის მოლოდინებსა და გეგმებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, კომპანია წელს დაახლოებით, 4 000 ტონამდე კაკლის მოსავალს ელოდება, რაც დაახლოებით 1500 ტონით აღემატება გასული წლის მოსავალს.
მისივე თქმით, მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე სტაბილური რჩება.
“ჩვენი წარმოების 50% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე გაგვაქვს. კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში. საკმაოდ საინტერესოა არაბული ბაზარიც, შესაბამისად, პროდუქციას დუბაიშიც ვყიდით. გარდა ამისა, რეექსპორტის რეჟიმით, ჩვენი კონტეინერები დაიცალა ინდოეთშიც. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ბაზარიც საინტერესოა. ევროკავშირის ძალიან ბევრი ქვეყანა გვაქვს სამიზნედ ამოღებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე წელს ექსპორტს დავიწყებთ.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე ქართული კაკლის ცნობადობას, ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართველი მწარმოებლებისთვის, მათ შორის კომპანია “ანიგოზისთვისაც”. შესაბამისად, მიზნობრივი გამოფენები, რომელშიც ხშირად ვმონაწილეობთ, ამ მიმართულებით ხელმშემწყობია.
გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ საკონდიტრო სექტორთან (საკვები პროდუქტების ტრეიდერებთან, რომლებიც პროდუქტს თავად ანაწილებენ) როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჯერჯერობით ჩვენი ყველა გეგმა კაკლის გადამუშავების სრულყოფასა და განვითარებაზეა ფოკუსირებული. უკვე ამის შემდგომ ვიფიქრებთ სხვა პროდუქტების დამატებაზე. რეგიონებში საწყობების გახსნა დავიწყეთ. აჭარაში და სამეგრელოში უკვე გავხსენით, ვგეგმავთ ამ მიმართულებით სხვა რეგიონების ათვისებასაც”, – აცხადებს ანა ქევხიშვილი.
კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ სოფელ მარტყოფში პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2021 წელს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით ამოქმედდა. პროექტში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ამჟამად, ორი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ფერმერებისგან იბარებს როგორც სველ მდგომარეობაში, ახალ დაკრეფილ კაკალს, ასევე მშრალ კაკალს მეორადი გადამუშავებისთვის.
bp.ge