დაზღვევის კავშირის გენერალური მდივანი ლაშა ნიკოლაძე აცხადებს, რომ წელს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების 9-15%-ით გაძვირებაა მოსალოდნელი. მან აღნიშნული განცხადება გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ გააკეთა. ლაშა ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ იმისთვის, რომ კლინიკების ფასები თანაბარი იყოს ყველა მოქალაქისთვის, ერთ-ერთი გზა ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაა. მისი თქმით, DRG-ის ამოქმედების შემდეგ, კლინიკებმა, რომლებსაც სახელმწიფომ საერთო ტარიფები განუსაზღვრა, ამ ცვლილების დასაკომპენსირებლად ფასები კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაზარდეს, რამაც სადაზღვევო პაკეტების გაძვირება გამოიწვია.
„როდესაც DRG შემოვიდა და საყოველთაო ჯანდაცვის ფასები დაწურა და ნიველირება გაუკეთა – და ასეც უნდა ექნა – კლინიკებმა გადაწყვიტეს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის ფასები გაეზარდათ. გამოდის, რომ კლინიკების დიდი ნაწილი, თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიზერული ან თითქმის ნულოვანი მოგებით ემუშავება, სწორედ ამ მხარეს შოულობს ძირითად მოგებას.
ეს ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანის სადაზღვევო პრემია იცვლება და წლიდან წლამდე გაიზრდება. სწორედ ამიტომ, სულ ამას ვიძახით, რომ ერთ-ერთი მისაღები გზა, როგორ შეუერთდეს იმ განფასებას და როგორ გადაიხედოს DRG-ის განფასებები სადაზღვევო კომპანიებისთვის, იქნება ის, რომ სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში, ანუ დაიწყოს დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევაც არის ერთგვარი სახელმწიფო პროგრამა. შედეგად, დასაქმებულებს, საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილესა თუ მის მიღმა მყოფ ადამიანს ერთი და იგივე ფასი ექნება ერთი და იგივე სამედიცინო ჩარევაზე,“ – განაცხადა ნიკოლაძემ.
სადაზღვევო სექტორი წლებია, ითხოვს სავალდებულო დაზღვევის შემოღებას დასაქმებულებისთვის. საუბარია საბაზისო პაკეტზე, რომელზე ნაკლები პირობებით სადაზღვევო პაკეტის გაყიდვის უფლება კომპანიებს არ ექნებათ. რაც შეეხება პრემიის გადახდის ვალდებულებას, ის, სხვადასხვა მოდელის მიხედვით, დაზღვეულის შემოსავლებსა და სოციალურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, მაგალითად, მათ ნაწილს გადასახადს დამსაქმებელი გადაუხდის, ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას კი – მთლიანად სახელმწიფო. თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი და ის, თუ რა მოდელზე იქნება საუბარი, დღის წესრიგში არ დამდგარა.
წყარო: bp.ge
