„წელს ძალიან ცუდი სეზონია – არავის არ სურს თუნდაც 2 ლარი გადაიხადოს მტვერში დასვენებაში“

„წელს ძალიან ცუდი სეზონია – არავის არ სურს თუნდაც 2 ლარი გადაიხადოს მტვერში დასვენებაში“
„წელს ძალიან ცუდი სეზონია – არავის არ სურს თუნდაც 2 ლარი გადაიხადოს მტვერში დასვენებაში,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „ვილა პალასში“ განუცხადეს.
როგორც სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი ანა გრიგალაშვილი ამბობს, გზების მშენებლობამ და მტვერმა, კურორტზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა, რის გამოც სასტუმროებს მხოლოდ თავის გადარჩენაზე უწევთ მუშაობა.
მისივე თქმით, ივლისში ჯავშნების რაოდენობამ მხოლოდ 40% შეადგინა, ამ ეტაპზე კი სასტუმროს 60% არაბი დამსვენებლებით არის დატვირთული.
„წელს ძალიან ცუდი სეზონია. ივლისის პერიოდი საერთოდ დატვირთულობა იყო 40%. არ სურს მომხმარებელს დამტვერილ სივრცეში ჩამოსვლა და დასვენება. კითხულობენ, სასტუმრო დგას თუ არა ისეთ სივრცეში, სადაც გზის მშენებლობა მიმდინარეობს და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. აგვისტოში თითქოს, ცოტა წამოვიდა ჯავშნები, თუმცა, ძირითადად არაბები არიან. ჩვენი სასტუმროს დაახლოებით 60% სწორედ არაბებით არის დატვირთული. თუმცა, ქართველი დამსვენებლები, ხანგრძლივი პერიოდის ჯავშნებით, ძალიან მცირე რაოდენობით არიან. ძირითადად გვყავს 1-2-ღამიანი და პატარა ჯგუფები. საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით ალბათ, 20%-ით შეგვიმცირდა ვიზიტორები.
ბაკურიანში დასვენებაზე ძირითადად უარს ადგილობრივი ტურისტები ამბობენ. საუბარი მაქვს იმ სეგმენტზე, ვინც ბავშვებით ჩამოდიოდა და ჰაერზე ისვენებდა. წელს უკვე თავს იკავებენ ბაკურიანში დასვენებისგან. რაც შეეხება უცხოელებს, მხოლოდ 1-2 დღე ჩამოდიან. წელს დამსვენებლები გვყავდნენ პოლონეთიდან, დან, იყო რამდენიმე რუსიც. ევროპის ქვეყნებიდან არ გვყოლია, თუმცა, ზოგადად უცხოელები ზაფხულში გასულ წლებში საერთოდ არ დადიოდნენ. ძირითადად მაინც ადგილობრივი და ბანაკური ჯგუფებით ვართ ხოლმე დატვირთული, თუმცა, წელს ისინიც აღარ გვყავს,“ – ამბობს ანა გრიგალაშვილი.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასტუმრომ მომსახურების ფასებიც საგრძნობლად დაწია, თუმცა, წელს მომხმარებლის მისაზიდად ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.
„წელს ძალიან დაბალი ფასები გვაქვს. არასდროს გვიმუშავია ასეთ დაბალ ფასებზე. თუმცა, მიუხედავად ამხელა ფასდაკლებისა, მაინც თავს იკავებენ. არავის არ სურს, თუნდაც 2 ლარი გადაიხადოს მტვერში დასვენებაში.
იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ეს პრობლემა აღარ გვექნება. ამან ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენა სასტუმროების ბიზნესი. თითქმის ყველა სასტუმრო უკან დახია, უბრალოდ თავს ინახავენ. როგორც ვიცი, ზოგიერთი სასტუმრო არც გახსნილა, რადგან მოთხოვნა ასეთი დაბალია,“ – ამბობს ანა გრიგალაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.