გუდაურში მდებარე კაფეს „მთვრალი ალუბალი“ წელს, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლები 40%-მდე შეუმცირდა. ამის შესახებ BM.GE-სთან კაფეს დამფუძნებელი, მირანდა ესაკიამ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, გარდა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა, გუდაურს უნალექობის პრობლემა ჰქონდა და არც გუდაურის მენეჯმენტს უზრუნია გათოვლიანების სისტემების ამუშავებაზე. შესაბამისად, სათხილამურო ტრასები კურორტზე არ იყო და ტურისტებიც თავს იკავებდნენ სტუმრობისგან.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი თავს იკავებს ქვეყანაში ჩამოსვლისგან. ამის მიუხედავად, კაფეს სტუმრები ასე თუ ისე სტუმრობდნენ, კერძოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ან ევროპიდან, რომლებიც მაგალითად საამიროებში ცხოვრობენ. საერთო ჯამში, სტუმრები გვყავდა, მაგრამ ახლა 2024 წელთან შედარებით ძალიან დიდი სხვაობა იყო. შემოსავლები დაახლოებით 40%-მდეა შემცირებული.
გუდაურში არ გვქონდა თოვლი და გუდაურის „მენეჯმენტმა“ ვერ შეძლო, რომ გათოვლიანების სისტემის პრობლემა მოეგვარებინა. ამიტომ არ გვქონდა სათხილამურო ტრასები. ახლა ველოდებით დიდ ნალექს, მაგრამ რომ გითხრათ დიდად გამოასწორებს სიტუაციას, არა. SKI პატრული ჯერ კიდევ არ არის ჩამოსული და თუ რატომ არ არის, ამაზე პასუხს არ გვეუბნებიან“, – განაცხადა მირანდა ესაკიამ.




