„წელს, ქართულ ცხვარზე მოთხოვნა დაცემულია… სავარაუდოდ, ფასი დავარდება“ – მიზეზები (bm.ge)

„წელს, ქართულ ცხვარზე მოთხოვნა დაცემულია… სავარაუდოდ, ფასები დავარდება“ – ასეთია კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებლის ბექა გონაშვილის მოლოდინები.
ბექა გონაშვილის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
„მოკლედ, შარშანდელ წელთან შედარებით, წელს მოთხოვნა დაცემულია. შარშან ამ დროს დიდი ნაწილი ქართული ცხვრის, ხაზს ვუსვამ, ქართული ცხვრის, ან გაყიდული იყო ან დაბევებული. დიდი რაოდენობით გადიოდა აზერბაიჯანში დედალი თოხლიც, ე.წ. სოციალური ცხვარი, რასაც აზერბაიჯანის მთავრობა აფინანსებდა, ყიდულობდა ყარაბაღისთვის, ხორცით მოსამარაგებლად, ასე რომ, „გაიწოვა“. ამას თან დაერთო დაავადების გამო, დაკეტილი რუმინეთი, რის გამოც არაბებიც მოგვაწყდნენ. მოგეხსენებათ, მაგ დროს რაც ხდება ხოლმე, იზრდება ფასები და ცხოვრება კარგია.
წელს შედარებით სხვა სიტუაციაა, ნაკლებად არის მოძრაობა ორივე მიმართულებიდან, როგორც აზერბაიჯანი, ისე არაბული ქვეყნებიდან, რადგან რუმინეთიდან შედარებით იაფად მიდის, თუმცა რაც ყველაზე მთავარია და პირდაპირ კონკურენციაშია ჩვეთან, არის სირია, რომელიც წლების განმავლობაში საომარი მოქმედებების გამო დაკეტილი იყო, და ახლა რაც გაიხსნა, ძირითადად, და სხვა არაბული ქვეყნები გაცილებით იაფად, ვიდრე თავიანთ ქვეყანაში ნაწარმოები Naemi (Awassi) ეს მათი ადგილობრივი ცხვარია, იყიდება. აქედან გამომდინარე, ჩვენკენ ნაკლებად იყურებიან, ასევე არის კიდევ პრობლემა სიცხე, რის გამოც იქ მოთხოვნა დაკლებულია.
დიდი რაოდენობით ცხვარი “ჩაწვა” შარშან რუსეთშიც; წინა 3 წელი კარგად მუშაობდა დაღესტანი, ყიდულობდნენ სტეპებში, ასუქებდნენ თავიანთ მთებში (ეს ცალკე მაზალო ისტორიაა :)) ) და მერე ყიდდნენ ძირითადად აზერბაიჯანში ან არაბებში, ასევე ხორცად ირანში. თუმცა ირანელებს არ უნდათ დუმა, დუმას აჭრიან, ამათ კიდე გადაუსუქდათ რადგან ძვირში ჰყავდათ ნაყიდი და ეგონათ, რომ ფასები როგორც წინა 3 წელი გაფრინდებოდა ცაში, და ასე აღარ მოხდა, შეეტენათ და ერთადერთი გადაარჩინეს უზბეკებმა, უზბეკები დიდ წონებს ყიდულობენ, 60-დან 80 კილომდეც კი.
დღეისათვის, ამ წლის თოხლი საქართველოდან ძალიან მცირე რაოდენობაა და ისიც აზერბაიჯანში გასული. სავარაუდოდ, ახლა უფრო მეტად გაიზრდება მნახველ/მყიდველები, თუმცა ფასები დავარდება, დიდი ალბათობით ცოცხალი წონის ფასი 9 ლარის ფარგლებში იქნება, როგორც ვიცი, რაღაცები გაიყიდა კიდეც უკვე 9.3 ლარში/კგ.
რა არის აქ მთავარი პრობლემა ჩვენი მეცხვარეებისთვის? – ახლა ყველა ბარისკენ დაიძვრება უკვე, ამ ერთი თვის განმავლობაში, მოგეხსენებათ ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ზამთრის საძოვრები. სიმწირე გვაქვს, შესაბამისად ის 250 000 სული ცხვარი რომელიც უნდა იყიდებოდეს წელიწადში, ეს თუ არ გაიყიდა, ეს ცხვარი ჩამოვა და იძულებული იქნება ფერმერი, რომ მოაძოვოს ის საძოვარი რომელიც სჭირდებოდა დედა ცხვრისთვის, ზამთარში დასადოლებლად. ან უნდა ნახოს დროებით გასაჩერებელი სადმე, იქირაოს, ეს კიდე მეტი ხარჯია, მწყემსის ხელფასი უნდა გასცეს, ყველას მოლოდინი აქვს.
ასე რომ არ არის ადვილი პერიოდი ამ ეტაპზე“, – წერს ფერმერი ბექა გონაშვილი.
ცნობისთვის: 2024 წელს, საქართველომ ცოცხალი ცხვრების ექსპორტით 39.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
წყარო: bm.ge