„წელს ფასების 10-15%-ით მატება გვაქვს, როგორც კი მოთხოვნა გაიზრდება, კიდევ მოიმატებს“ – ჰოტელიერი გუდაურზე

„წელს ფასების 10-15%-ით მატება გვაქვს, როგორც კი მოთხოვნა გაიზრდება, კიდევ მოიმატებს“, – ამის შესახებ ჰოტელიერმა, „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა გუდაურის კურორტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, გუდაური ყოველთვის ძვირ კურორტად დარჩება, რადგან პერსონალს განთავსება სჭირდება, რაც თავისთავად ზრდის ოთახის ღირებულებას.
„წელს ფასის 10-15%-ით მატება გვაქვს და ვაკვირდებით, როგორც კი მოთხოვნა გაიზრდება, კიდევ გაიზრდება. პარალელურად ვაკეთებთ კვლევას, რა ხდება ევროპაში, რა ხდება ჩვენს კონკურენტებთან. მათ ძალიან მაღალი ფასები აქვთ, თუმცა, ძალიან პოპულარული კურორტებია და ინფრასტრუქტურულად ჩვენზე განვითარებულებიც არიან. კვლევას რომ ვაკეთებთ და ვადარებთ, შარშანდელთან შედარებით იქაც მატებაა, შესაბამისად, ჩვენ ყველა ერთად ცოტა მაღალი ფასით შევედით და ჯერ კიდევ ვაკვირდებით.
აც შეეხება ადგილობრივ დამსვენებელს და მათთვის ხელმისაწვდომობას, გუდაურთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პრობლემა არ აქვთ, რადგან ახლოს არის ამოდიან და სრიალებენ. ბაკურიანს როგორც ვიცი ფასები სტაბილურად უჭირავს, თუმცა გუდაურშიც, არის აპარტამენტების ნაწილი, რომელიც აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ქართველი დამსვენებლისთვისაც.
გუდაური ყოველთვის ყველაზე ძვირი დარჩება, ელემენტარულად, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი ჩაგვყავს სხვა ქალაქებიდან, შესაბამისად, ყველა თანამშრომლის განთავსება გვჭირდება. ეს კი თავისთავად ზრდის ოთახის ღირებულებას“, – განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.