ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტალის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქტიური პრივატიზების შედეგად, სააგენტომ ჯამში 79 707 625 ლარის მობილიზება მოახდინა, საიდანაც საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული 36 000 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში 60 086 446 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო.
იანვარ-მარტის პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით, 167%-ით შესრულდა. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 463 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
„სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს.
მოგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.