წელს საცალო ვაჭრობის სექტორის შემოსავლები 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს – Galt&Taggart
2024 წელს FMCG ბაზრის ზომა 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდაა, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაში „FMCG ბაზრის ტენდენციები საქართველოშია“ აღნიშნული.
„2024 წელს FMCG სექტორის შემოსავლების ზრდა ძირითადად მოთხოვნის ფაქტორით არის განპირობებული, რადგან ფასისმიერი ეფექტი მინიმალურია.
აღსანიშნავია, რომ ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით იზრდება- 2024 წელს ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა წლიურად 14.9%-ით 9.5 მლრდ ლარამდეა მოსალოდნელი, ხოლო სხვა ფორმატების ზრდა 6.1%-ის დონეზე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 40.7%-ია, რაც დინამიკაში მზარდია“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
მიმოხილვის მიხედვით, რეგიონებში ქსელური მაღაზიების რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება, თუმცა ერთ მაღაზიაზე საშუალო შემოსავალი თბილისთან შედარებით ნაკლებია. აღნიშნული მოსახლეობის ნაკლები მსყიდველუნარიანობით, განსხვავებული ქცევით და არაფორმალური ფორმატებით აიხსნება.
„ბრენდული ქსელების შემოსავალების ზრდა რეგიონებში წლიურად 21.3%- ით, ხოლო თბილისში 10.4%-ითაა მოსალოდნელი 2024 წელს. შედეგად, რეგიონების წილი ბრენდული ქსელების შემოსავალში 41.1%-დან 43.3%-მდე გაიზარდა 2023-24 წლებში“, – წერია მიმოხილვაში.