წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზე, ეკონომიკური ზრდა 5.4%-ზე, ხოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5%-ზეა მოსალოდნელი – Galt&Taggart

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მოსალოდნელია, ეტაპობრივად, 8.5%-მდე შემცირდეს 2024 წლის ბოლომდე. საბაზისო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 5.4%-ით გაიზარდოს, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.
2024 წლის იანვარში ნულოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, წინა თვეში არსებული 0.4%-იანი ინფლაციის შემდეგ.
იანვარში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა სურსათის ფასების წლიურ 2.8%-იან კლებას, იმპორტირებული (-0.2% წ/წ) და შერეული პროდუქციის (-4.2% წ/წ) ფასების კლებასთან ერთად. ამასთან, იანვარში საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 1.2% შეადგინა (1.9% წინა თვეში), ხოლო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპი 2.7%-მდე შენელდა წინა თვეში დაფიქსირებული 3.6%-დან. 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-2.4% წ/წ, -0.82პპ), ჯანდაცვა (-3.3% წ/წ, -0.32პპ), ტრანსპორტი (+4.3% წ/წ, +0.53პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.5%, +0.24პპ) და სასტუმროები & რესტორნები (+5.9%, +0.19პპ).
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ბანკის საბაზისო პროგნოზით, 2024 წელს, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 5.4%-ით გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით 6.0%-იან ზრდაა ნავარაუდევი.
„ჩვენი საბაზისო სცენარით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მოსალოდნელია, ეტაპობრივად, 8.5%-მდე შემცირდეს 2024 წლის ბოლომდე. 2024 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 9.0%-მდე შეამცირა, ინფლაციის შემცირების ტრენდის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკის მიხედვით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რაც მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით იმოქმედებს. ამასთან, სებ-ი ყურადღებას ამახვილებს გეოპოლიტიკურ რისკებზე და რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ