წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3%, ტურიზმის შესავლები კი 4.5 მლრდ დოლარი იქნება – Galt&Taggart-ის პროგნოზი

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%- ის დონეზეა მოსალოდნელი, ნათქვამია Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია, მცირედით 0.3%-მდე გაიზარდა, წინა თვის ნულოვანი ინფლაციის შემდეგ. თებერვლის ინფლაციაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა, ერთის მხრივ, შერეული საქონლის ფასების წლიურ 3.1%-იან კლებას, ხოლო, მეორეს მხრივ, ადგილობრივად წარმოებული ფასების წლიურ 2.4%-იან ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელში გრძელდება ინფლაციის შენელების ტრენდი.
რაც შეეხება იმპორტირებულ ინფლაციას, მიმდინარე წლის თებერვალში პირველად დაფიქსირდა იმპორტირებული საქონლის ფასების მცირე წლიური ზრდა (+0.2%) 2023 წლის თებერვლის შემდეგ. ამასთან, საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, თებერვალში 2.4% შეადგინა.
2024 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-3.5% წ/წ, -1.20პპ), ტრანსპორტი (+4.8% წ/წ, +0.61პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+5.5%, +0.37პპ), ჯანდაცვა (+2.5% წ/წ, +0.22პპ) და სასტუმროები & რესტორნები (+6.7%, +0.22პპ).
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2024 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 14.4%-ით გაიზარდა და 275 მლნ დოლარი შეადგინა (+34.6% წ/წ მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით).
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 574 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (+10.7% წ/წ), ჩვენი შეფასებით. 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+10.0% წ/წ) მიაღწევს, ჩვენი პროგნოზით.