„წელს საშუალო ინფლაცია 4% იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე ნახევარში მაქსიმალურად დაუახლოვდება 3%-ს“ – ნათია თურნავა

წელს საშუალო ინფლაცია 4% იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე ნახევარში მაქსიმალურად დაუახლოვდება 3%-ს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 3%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი ერთის მხრივ, არ თრგუნავს ეკონომიკურ ზრდას და მეორეს მხრივ, სამომხმარებლო ფასების ზრდას ზედმეტად არ იწვევს.
“გლობალური ფაქტორების გავლენა მნიშვნელოვანია, რადგან სამომხმარებლო კალათაში წარმოდგენილია იმპორტული საქონელი. მაგალითად, თუკი საერთაშორისო ბაზრებზე ხდება მზესუმზირას ზეთის გაძვირება, ეს გარკვეულწილად აისახება ჩვენს სამომხმარებლო კალათასა და ინფლაციაზე. მთლიანობაში ჩვენი მოლოდინი კეთილსაიმედოა. მოლოდინი გვქონდა, რომ წელს გარკვეული პერიოდი ინფლაცია გადააჭარბებდა მიზნობრივ 3%-ს. ვფიქრობ, რომ პიკი ჩვენ ოქტომბერში გადავიარეთ და სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია დაიწყებს დაღმასვლას. ნოემბრის მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ოქტომბრის მაჩვენებელი. მოლოდინი გვაქვს, რომ დეკემბერშიც და შემდგომ თვეებშიც ინფლაციის მაჩვენებელში დაღმასვლა და შენელება უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში, ინფლაციის მაჩვენებელი მაქსიმალურად დაუახლოვდება მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს. ეს არის ჩვენი მიზნობრივი ინფლაცია, ანუ ჩვენი ეკონომიკისთვის ნორმალური ინფლაცია, რომელიც ერთის მხრივ არ თრგუნავს ეკონომიკურ ზრდას და მეორეს მხრივ, ზედმეტად არ იწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას.
როდესაც ასეთი არაპროგნოზირებადია გეოპოლიტიკური გარემო ჩვენს ირგვლივ და საგარეო ბაზრები ძალიან დიდი მერყეობით ხასიათდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რაიმე მოულოდნელობა მოხდეს და ისეთი ფაქტორები წარმოჩინდეს, რომელზედაც წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელი იყო. ჩვენ ყველანაირი ფაქტორის და პროგნოზის შემთხვევაში თუ რა იქნება ეროვნული ბანკის ქმედება გაცხადებული გვაქვს. ერთ-ერთი არაპროგნოზირებადი რჩება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სფერო, რომელიც გლობალურად სანქციების საგანიც არის, სხვადასხვა ლოგისტიკური ჯაჭვის უსაფრთხოების საგანიც არის და ამ მიმართულებას ბევრი არაპროგნოზირებადობა ახასიათებს”, – აცხადებს ნათია თურნავა.

ასევე დაგაინტერესებთ