2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2 მლრდ 8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 39.3%-ით მეტია, წინა, 2024 წლის, შესაბამის პერიოდთან შედარებით.
წელს ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული ასე დაკომპლექტთა: აშშ, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.
TOP 10 ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია:
· აშშ – $361.7 მლნ;
· გაერთიანებული სამეფო – $267.2 მლნ;
· რუსეთი – $203.3 მლნ;
· თურქეთი – $196.4 მლნ;
· ჩინეთი – $133.7 მლნ;
· აზერბაიჯანი – $109 მლნ;
· ყირგიზეთი – $75 მლნ;
· გერმანია – $68.1 მლნ;
· სომხეთი – $50.4 მლნ;
· ყაზახეთი – $49.2 მლნ.
ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სია შედგენილია სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, რაც ექსპორტისა და იმპორტის ჯამს გულისხმობს.
შეგახსენებთ, საქართველოში კვლავ მაღალია უარყოფითი სავაჭრო სალდო ანუ როდესაც იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს. 2025 წლის იანვარში, 1 200.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.8 პროცენტია.
უარყოფითი სავაჭრო სალდო ნიშნავს, რომ ქვეყანას მცირე აქვს წარმოებაც და მომსახურებაც.
ექსპერტების ნაწილი დიდი ხანია საუბრობს, რომ ამ უარყოფითი სალდოს შემცირებისთვის ბევრი მიმართულებითაა ნაბიჯები გადასადგმელი. ერთ-ერთ საშუალებად განიხილება საგადასახადო ლიბერალიზაცია, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და სხვა.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეტალებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 008.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 403.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 604.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 45.5 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარში, 1 200.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.8 პროცენტია.
2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (74.9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (46.2 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (45.2 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 79.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (357.3 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (266.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (172.9 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 75.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (361.7 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (267.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (203.3 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 130.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 14.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 13.8 მლნ. აშშ დოლარით (3.4 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 151.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 106.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).
