წელს საკრედიტო პორტფელის 15-20%-იან ზრდას ველოდებით – მიკროსაფინანსო ასოციაცია

მიკროსაფინანსო სექტორში მიმდინარე წლისთვის საკრედიტო პორტფელის 15-20%-იან ზრდას ელიან.
როგორც მიკროსაფინანსო ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, გასული წლის განმავლობაში სექტორში საპროცენტო ხარჯების შემცირება, ასევე ეფექტიანობის ზრდა ფიქსირდება, რამაც ზრდის სტაბილურ ტემპს უნდა შეუწყოს ხელი.
ასოციაციაში ამბობენ, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდას ასევე ხელს შეუწყობს მიკროსაფინანსო სექტორისთვის დაგეგმილი კრედიტის ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდა.
„2024 წელი სექტორისთვის საკმაოდ კარგი წელი იყო. იმის გათვალისწინებითაც, რომ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიკრობანკის ლიცენზია მიიღო, ხოლო ორმა ბაზარი დატოვა, ამ ფონზეც სექტორის ზრდამ 16% შეადგინა. მაშინ, როდესაც 2023 წელს ზრდა დაახლოებით 8% იყო. ამ ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი ის იყო, რომ სექტორში ეფექტიანობა გარკვეულწილად გაიზარდა. გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორში შეინიშნებოდა საპროცენტო ხარჯების შემცირება. ზუსტად ამან შეუწყო ხელი ზრდის ტემპის დაჩქარებას და პარამეტრების გაუმჯობესებას.
2025 წლის პროგნოზებს რაც შეეხება, იმედი გვაქვს, რომ ის დადებითი ტენდენცია რაც საპროცენტო ხარჯებში იყო, შენარჩუნდება და სექტორი უფრო სწრაფად გაიზრდება. იმის გათვალისწინებითაც, რომ მიკროკრედიტის ლიმიტის ზღვარი ორმაგდება, ველით, რომ მიმდინარე წელს საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი 15-20%-ის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა ნინო დევდარიანმა.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2024 წელი ზრდით დახურეს. კერძოდ, შარშან სექტორმა ჯამურად 133.6 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. მიკროსაფინანსოების ჯამური პორტფელი კი გასული წლის ბოლოსთვის თითქმის 2 მლრდ ლარს შეადგენდა.
ამასთან, 2024 წლის ბოლოს სექტორს 31 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა, 3-ით ნაკლები 2023 წელთან შედარებით.