წელს, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი 10%-ს ყველა შემთხვევაში გადააჭარბებს – საბანკო ასოციაცია(bm.ge)

საბანკო ასოციაციაში ელიან, რომ წელს, საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი მინიმუმ 10%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ BMG-ის დაკრედიტების შენელებული ზრდის ტემპის შეფასებისას განუცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში საკრედიტო აქტივობის კლება მხოლოდ გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს არ უკავშირდება და გასულ პერიოდში მაღალი აქტივობის შემდეგ საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შენელება ისედაც მოსალოდნელი იყო.
„ვერ ვიტყვით, რომ საკრედიტო აქტივობის შემცირებაზე მხოლოდ საპროცენტო განაკვეთებს აქვს გავლენა. 2024 წლიდან ანალიტიკოსების მოლოდინი უკვე არსებობდა, რომ 2025 წლის განმავლობაში შესაძლებელია უფრო ნაკლები იყოს აქტივობა. იქიდან გამომდინარე, რომ 2022-2023 წელი ძალიან მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ საპროცენტო განაკვეთებზე ნამდვილად ვერ გავაკეთებთ დღეს აქცენტირებას, რომ აქტივობა შემცირდება.
საკრედიტო პორტფელის ზრდა 2025 წლის უკვე არსებულ პერიოდში შედარებით მცირეა, ვიდრე წინა პერიოდში, მაგრამ რეალურად იმ მოლოდინის ფარგლებშია, რაც არსებობდა. სექტემბერ-ოქტომბრის მაჩვენებლების შემდეგ უფრო ზუსტად შეგვეძლება თქმა, თუმცა წელს საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი 10%-ს ყველა შემთხვევაში გადააჭარბებს“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი შენელებულია. ივლისის მონაცემებით, სესხების ზრდის ტემპი წლიურად 15%-მდე იყო შენელებული.
bm.ge