მეღვინეობა “შუმი” მისივე საკუთრებაში არსებული ტურისტული კომპლექსის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და სერვისების დამატებაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, აკაკი ცოფურაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორია, სადაც ამჟამად საწარმო და ტურისტული კომპლექსია გაშენებული, ადრე თავად ალ. ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა და მისი მამულის ნაწილს წარმოადგენდა. წყალდიდობის შედეგად იგი ჩამოინგრა და დაიტბორა. „შუმის“ მიერ შესყიდვის მომენტისათვის, ეს მიწები დაჭაობებულ, გაუვალ ტყე-ბარდს წარმოადგენდა. კომპანიამ ტერიტორია გადაასწორა, გაიტანა ნაგავი, მოაწესრიგა და 2001 წელს საწარმო ააშენა. შექმნა „ეთნოგრაფიული კუთხე“ და ვიზიტორებს ტური და ღვინის დეგუსტაცია შესთავაზა.
ცოფურაშვილის ინფორმაციით, დღეს 12 ჰა-ზე გაშლილი კომპლექსი 39 ლოკაციას მოიცავს. მათ შორისაა: საკოლექციო ვენახი, საქართველოში ღვინის პირველი მუზეუმი, მარანი, ენოთეკა, ეთნოგრაფიული პავილიონი, გეშტალტის სახლი, ზიგუს გროტო და სხვა.
„ვაგრძელებთ ტურისტული კომპლექსის განვითარებას. 2025 წელს საკონფერენციო მომსახურების დამატებას ვგეგმავთ. აქამდე კომპლექსში ვთავაზობდით საინფორმაციო ტურს, სადეგუსტაციო პაკეტების ფართო არჩევანს, სარესტორნე მომსახურებას, ძირითადად, ღია სივრცეებში მოწყობილ კაფეებსა და რესტორნებში, სხვადასხვა სახალისო მასტერ-კლასს, ასევე, მეტად ორიგინალურ სერვისებს, როგორებიცაა: საკოლექციო ვენახში იშვიათი ჯიშის ვაზის დარგვა სახელობითი ტრაფარეტით, ტური „შუმის“ ვენახებში ვერტმფრენით, „კახელად კურთხევის ცერემონიალი“ და სხვა.
2025 წელს, ასევე, ვგეგმავთ „შუმის“ ხეხილის ბაღების გაშენების გაგრძელებას. ყოველწლიურად ვასუფთავებთ და ვასწორებთ „შუმის“ ტერიტორიებს წინანდალში, შეგვაქვს მიწა, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, წყალდიდობის გამო ხევი გაფართოვდა და წყლისაგან ნაყოფიერი მიწის საფარი მოიხსნა. „შუმის“ ხეხილის ბაღში 300-ზე მეტი ჯიშის ხილია. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქართული ხილის დარგვა-გაშენებას, რადგან ისინი დღეისათვის, მასობრივად, უცხოური ჯიშებით ნაცვლდება.
დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ვფიქრობთ 2025 წელს, რომელიც ხეხილს ბაღების და ვენახის გაშენებას მოიცავს, საწარმოს გადაიარაღებას და ტურისტული კომპლექსის გაფართოებას”, -ამბობს ცოფურაშვილი.
