წელს რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,3% შეადგინა – სეს
სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.
შეხვედრას, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ყურადღება კონტროლის მექანიზმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ნედლი რძის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ რძისა და რძის პროდუქტების ნიმუშების აღება მოხდეს სათანადო წესითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, რათა გამოირიცხოს საკვლევი ნედლეულის დაბინძურება.
სურსათის ეროვნული სააგენტო რძის მწარმოებელ კომპანიებს ინტენსიურად, წელიწადში საშუალოდ 10-ჯერ ამოწმებს. კონტროლი „ფერმიდან სუფრამდე” პრინციპის დაცვით მოიცავს წარმოების სრულ ჯაჭვს,
ასევე ლაბორატორიულ კვლევას სხვადასხვა მაჩვენებელზე. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა.
შემოწმების პარალელურად, სააგენტოს პრიორიტეტია გამჭვირვალობა, დარღვევის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას უწევს ბაზრიდან იმ სურსათის ამოღებას, სადაც გამოვლინდა დარღვევა; ასევე უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს იმისათვის, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი იყოს სანდო, უსაფრთხო და უვნებელი.
