წელს რიკოთის მაგისტრალის დასრულებაა გათვალისწინებული – ირაკლი ქარსელაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 2024 წელს რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა უნდა დასრულდეს. ამის შესახებ მან პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მაგისტრალური გზების მშენებლობის პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3.5 საათში იქნება შესაძლებელი. ირაკლი ქარსელაძემ კახეთის მაგისტრალის მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯამში წელს გზის 90 კმ გაიხსნება.
„წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებაა გათვალისწინებული. ჯამურად მაგისტრალური გზების მიმართულებით 37 კმ გზის გახსნა მოხდა შარშან, მათ შორის რიკოთის 27 კმ-იანი მონაკვეთი, ისევე როგორც კახეთის მაგისტრალის მიმართულებით 5 კმ-იანი მონაკვეთის. უკვე 2024 წელს რიკოთის მაგისტრალის დასრულებაა გათვალისწინებული, ისევე როგორც უნდა დასრულდეს მიმდინარე 31 კმ-იანი მონაკვეთი და ასევე 16.6 კმ-იანი ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მიმართულებით, ჯამში 90 კმ მაგისტრალის გახსნა არის დაგეგმილი წელს, რაც მნიშვნელოვან ეფექტს მოგვცემს როგორც აღმოსავლეთი დასავლეთის მიმართულებით, ისე კახეთის მაგისტრალის მიმართულებით. თავის მხრივ თბილისიდან ბათუმამდე 3-3.5 საათში იქნება გადაადგილება შესაძლებელი და კახეთის მიმართულებით დასრულებული მონაკვეთების ფარგლებში თითქმის განახევრდება გადაადგილების დრო. ეს ყველაფერი არის საგზაო უსაფრთხოების საგზაო უსაფრთხოების დაცვით ხორციელდება“, – განაცხადა ქარსელაძემ.