წელს რთვლის სუბსიდირებისთვის 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული

რთვლის სუბსიდირებას მთავრობა 2024 წელსაც გეგმავს. 1 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მ თქვა, რომ სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს.
„იმისთვის, რომ მოსავალი სრულად დაბინავდეს და ფერმერებმა ადეკვატური შემოსავალი მიიღონ, რთვლის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება. 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა. ასევე რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ექნება იმის საშუალება, რომ ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავება განახორციელოს. ეს არის სუბსიდიის ამოცანა. მინდა შეგახსენოთ ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვქონდა 2012 წელს და რამხელა იყო ზრდა 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი. ხოლო 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი. მევენახეობის რეგიონებში გაშენებულია 50 000 ჰექტრამდე ახალი ვენახი. ესეც მიუთითებს ძალიან სერიოზულ წინსვლაზე ამ დარგში”, – თქვა ირაკლი მ.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ რთვლის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტში 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს გაცილებით ნაკლებია სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან გასულ წლებში გამოყოფილ თანხაზე – 2021 წელს 100 მლნ ლარი იყო, 2022 წელს კი 150 მლნ ლარამდე.
კახელი ფერმერების ნაწილი რთვლის სუბსიდირების პროგრამით კმაყოფილია. მათ შორისაა ყვარლელი მალხაზ ზაუტაშვილი.
„როგორც ვაზი სუნთქავს, ისე ვსუნთქავთ ჩვენც. სახელმწიფო რაც მეტს დაგვეხმარება, ჩვენთვის უკეთესია… საჩუქარზე უარს არავინ არ იტყვის“, – ამბობს მევენახე.
ფერმერების ნაწილი მიიჩნევს, რომ გასულ წლებშიც და ახლაც, ყურძნის ფასი მიზერულია და რეალურად სარგებელს ვერ მიიღებენ. პაატა აბუაშვილს სურვილი აქვს, რომ წელს ერთი კილოგრამი რქაწითელი მინიმუმ ერთი ლარი და 20 თეთრი მაინც ღირდეს.
„ცუდი იცით რა არის, სახელმწიფო წინასწარ, რომ ამბობს რქაწითელი ერთი ლარი ეღირებაო. წინასწარ რატომ აცხადებენ, იქნებ ქარხნებმა მეტი უნდა გადაიხადონ? მე თუ მკითხავს, 1 ლარი და 20 თეთრი მაინც უნდა ღირდეს რქაწითელი, მაგრამ მე ვინ მეკითხება?!“
უკვე წლებია სახელმწიფოს რთვლის სუბსიდირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს ეკონომისტების და დარგის სპეციალისტების ერთი ნაწილი, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე არ მოელოდა, რომ საარჩევნო წელს მთავრობა „მავნე პრაქტიკაზე“ უარს იტყოდა.
„მევენახეობა არის დარგი, რომელიც ბევრ ადამიანს აერთიანებს. რთვლის სუბსიდირების ერთადერთი მიზანია, რომ საარჩევნო წელს მევენახეები და ზოგადად ამომრჩეველი არ დარჩეს უკმაყოფილო. სახელმწიფომ ეს დარგი მიაჩვია სუბსიდირებას და ძალიან გაუჭირდება თუნდაც შემდეგ ხელისუფლებას აქედან გამოსვლა“- უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კეპულაძემ.
მისი დაკვირვებით, სუბსიდიას აძლევენ ძირითადად მსხვილ ქარხნებს და ბიზნესებს, რომელთა ნაწილიც პირდაპირ ან ირიბად მმართველ გუნდთან არის დაკავშირებული და პარტიის შემწირველია.
„ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ეკონომიკური… ზოგადად სუბსიდია შესაძლებელია გარკვეულ პერიოდებში, რამაც დარგის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ ჩვენ როგორც ვხედავთ ეს არ უწყობს ხელს ყურძნის ხარისხის ზრდას, ღვინის ფასის ზრდას, ექსპორტის ზრდას და ა.შ.“
1 აგვისტოს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როდის იტყვის მთავრობა უარს რთვლის სუბსიდირებაზე.
„ვაკეთებთ ანალიზს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ პროცესიდან ეტაპობრივად გამოვიდეთ. იცით, რომ სახელმწიფო საწარმოც ერთვება ჩაბარების პროცესში, როცა ჭარბია ყურძენი. აქაც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, გასული წელი იყო ამ მხრივ საუკეთესო, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო საწარმოს კახეთში ყურძნის 10%-ზე მეტი არ მიუღია. დაახლოებით 18 000 ტონა იყო, ისიც დასეტყვილი ყურძენი. ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანაა, რომ სახელმწიფო საწარმოს არ მოუწიოს მიღება და კერძო სექტორმა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ყურძნის შესყიდვა შეძლოს. არაერთი შეხვედრა გვაქვს მეღვინეებთან, საწარმოებთან ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორ წარიმართოს პროცესი. ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთ, გადაწყვეტილებას ცალმხრივად არ ვიღებთ. ვფიქრობთ წელსაც, ასეთი ტიპის ჩარევა საჭიროა. ვნახოთ შემდგომ წლებში როგორ განვითარდება მოვლენები“ – ასე უპასუხა მინისტრმა შეკითხვას.
წლევანდელი რთვლის პერიოდში, მას შემდეგ, რაც ყურძენს კერძო კომპანიები შეიძენენ, ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს სახელმწიფოს კუთვნილი „მოსავლის მართვის კომპანია“ იყიდის. გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო და ამ მიზნით ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 50 მილიონის გამოყოფა არ ნიშნავს მის სრულად ათვისებას და თუ ჭარბი ყურძენი არ იქნება, თანხა დაუხარჯავი დარჩება.
კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოდან დაიწყება. რეგიონში წელ 300 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთვლის პირდაპირი სუბსიდირება 11 წელზე მეტია ხდება.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ