წელს პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა – საქართველოს 6 თვის სტატისტიკა

პედოფილიის მსხვერპლი საქართველოში, მხოლოდ 2024 წლის პირველ 6 თვეში, 115 არასრულწლოვანი გახდა. ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემია პროკურატურის მიერ ამ სამსახურისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში 20 მოზარდი გაუპატიურების [სსკ-ის 137-ე მუხლი] მსხვერპლი გახდა.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ არასრუწლოვნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია გარყვნილი ქმედების [სსკ-ის 141-ე მუხლი] ჩადენილი დანაშაული – მხოლოდ 6 თვეში გარყვნილი ქმედების მუხლით ჩადენილ დანაშაულზე 37 მოზარდი ცნო პროკურატურამ დაზარალებულად.
პედოფილიის სტატისტიკაში ისევ ხშირია „ნაადრევი ქორწინების“ შემთხვევები, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.
ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, 2024 წლის პირველ ნახევარში 33 მოზარდს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
2023 წლის ანალოგიურ პერიოდში, ანუ პირველ ნახევარში პედოფილიის 103 შემთხვევა დაფიქსირდა.
წყარო: ბათუმელები