წელს „ოცნებამ“ შემოწირულობით 7 მილიონამდე ლარი შეაგროვა – ყულაბა ისევ აჭარიდან ივსება – მედია

2024 წლის საპარლამენტო ს შემდეგ „ოცნების“ ანგარიშზე ჩარიცხვები არ გაჩერებულა, მმართველ პარტიას 40 ათასიდან 60 ათასამდე ლარს ინდივიდუალურად სწირავენ ბიზნესმენები, კომპანიების დირექტორები, მენეჯერები. კონკრეტულ ბიზნესთან დაკავშირებული სხვა პირები სწირავენ მცირე თანხებსაც, თუმცა იშვიათად, – წერს “ბათუმელები”.
მედიის ცნობით, 2025 წლის იანვრიდან დღემდე „ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 7 მილიონამდე ლარი შეაგროვა. „ოცნება“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გეგმავს.
„ბიზნესი“ აჭარიდან ისევ აქტიურობს. ზოგიერთი მაღალბიუჯეტიანი კომპანიის მფლობელებისა და მათი პარტნიორების შენატანს თუ შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ ზოგჯერ ერთ ბიზნეს-ჯგუფთან დაკავშირებული პირების შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე ნახევარ მილიონამდე ლარსაც კი აღწევს.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდის მონაცემებით, მხარდამჭერებმა „ოცნების“ ანგარიშზე თანხა ბოლოს 30 ივნისს შეიტანეს, ამ დღეს 2 ტრანზაქციით პარტიის ანგარიშზე 110 000 ლარი დაირიცხა, ორივე აჭარიდან.
30 ივნისს „ოცნებას“ 55 000 ლარი შესწირა თეიმურაზ შამილაძემ. რეესტრის მონაცემებით ის „თამარის დასახლების დემოკრატიული მართვის განვითარების ფონდის“ წევრია, ეს ორგანიზაცია 2016 წელს დაუფუძნებიათ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ორგანიზაცია აქტიური უნდა იყოს, თუმცა ამონაწერი 2016 წლის შემდეგ არ განუახლებიათ.
იმავე დღეს, 30 ივნისს, „ოცნებას“ 55 000 ლარი ჩაურიცხა საზღვაო სასწავლებლის „ანრის“ დამფუძნებელმა რუსლან დიასამიძემ. რეესტრის მონაცემებით, ის „საზღვაო განათლების და წვრთნების ასოციაციის“ გამგეობის წევრი, „ოფფროად კლუბ აჭარას“ დირექტორი და „საზღვაო კაპიტანთა კლუბის“ ვიცე-პრეზიდენტია.
20 ივნისს, მმართველ პარტიას, 50 ათასი ლარი ჩაურიცხა როლანდ დევაძემ, რეესტრის მონაცემებით, ის „საზღვაო აკადემიის მზრუნველთა ფონდის“ გამგეობის წევრია და კიდევ ორი კომპანიის – შპს „VTS BATUMI“-ისა და შპს „მეგა მორ სერვის“-ის დირექტორად ფიქსირდებოდა.
იმევე დღეს, 20 ივნისს, „ოცნების“ ანგარიშზე 60 ათასი ლარი ჩარიცხა ბესარიონ ბაჯელიძემ, შპს „აჭარა ბურჯის“ დირექტორმა და თანამფლობელმა. ის კიდევ რამდენიმე სამშენებლო კომპანიის დირექტორი, მფლობელი ან/და თანამფლობელია, მათ შორის არის „ლაიქ ჰაუსიც“.
ამ კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში 2019 წელს 120-მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა მისცეს. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძეგლის დაცვის ზონის კანონით გათვალისწინებული მასშტაბების დარღვევა ბათუმში უკვე გასაკვირი აღარ არის.
ბესარიონ ბაჯელიძე „ოცნების“ შემწირველია 2016 წლიდან. საერთო ჯამში მას „ოცნებისთვის 2016 წლიდან დღემდე 250 000 ლარი აქვს შეწირული.
კობა აბუსელიძე შპს „ჯეო ვუდ ტრანსის“-ის 100 პროცენტის მფლობელი და დირექტორია, მან „ოცნებას“ 30 ათასი ლარი შესწირა 2025 წლის 20 ივნისს. კობა აბუსელიძე არის ასევე შპს „ლიგუ“-ს დირექტორი.
„ოცნებას“ ჯამში 100 000 ლარი შესწირეს ზაურ და მერაბ სალვარიძეებმა, ზაურ სალვარიძე შპს „დრიმლენდის“ მფლობელია, ის არის ასევე შპს „ტ.ნ.ტ. 007 “-ის დირექტორი. მერაბ სალვარიძე კი შპს „საბა 007 “-ის მფლობელია.
„ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა ედვარდ ხიმშიაშვილმა, ის რამდენიმე სამშენებლო კომპანიის თანამფლობელია. ამ კომპანიებს შორის არის შპს „ ინვესტმენტ“, შპს „ბლექ სი თაუერსი“, შპს „პრემიერ ბათუმი“. ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით, ამ დრომდე მას თანხა „ოცნებისთვის“ არ შეუწირია და მმართველი პარტიის მიმართ ფინანსური მხარდაჭერა 2025 წელს პირველად გამოხტა.
18 ივნისს 40 000 ლარი შესწირა „ოცნებას“ რამაზ ბალაძემ, ის შპს „ბალას“, „ბალა ჰაუსის“ და „ბალამშენის“ დამფუძნებელია. ამ დრომდე „ოცნებისთვის“ თანხა არც მას ჩაურიცხია, ისიც „ახალი“ შემწირველია.
როინ მიქელაძემ „ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა, ის შპს „ჯეო ლოჯისტიკ“-ის დირექტორი და შპს „docker’s power“-ის მფლობელია.
მირზა აბაშიძემ „ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა, ის რამდენიმე კომპანიის თანამფლობელი, მფლობელი და ხელმძღვანელია, მათ შორის არის შპს „ბათინვესტი“.
„ოცნებას“ ჯამში 60 000 ლარი შესწირეს „ხოზრევანიძეების კლინიკის“ თანამფლობელებმა ელდარ და ირაკლი ხოზრევანიძეებმა. ელდარ ხოზრევანიძე ფლობს ასევე შპს „კავკასიის სამედიცინო ბიზნეს ჯგუფის“ 33,33 პროცენტს და შპს „ჯი ეი პი კონსალტინგის“ დირექტორია.
ჯამბულ თავართქილაძემ ოცნებას 20 000 ლარი შესწირა, ის „შპს იბერია-ჯ“-ს მფლობელია.
გურამ ველიაძე შპს „ბაზას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, მან „ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა. ის შპს „მმს გრუპ“-ის მეწილედ და დირექტორადაც ფიქსირდება.
მერაბ და ნუკრი დოლიძეებმა „ოცნებას“ 2025 წლის მაისში 120 000 ლარი შესწირეს, ნუკრი დოლიძე შპს „ბონდი 2009“-ის დამფუძნებელი და ერთ-ერთი მფლობელია. ეს კომპანია სახელმწიფო უწყებების მაღალბიუჯეტიან ტენდერებს იგებს. გარდა ამისა, შპს „მონოლითი 2005“-სა და კიდევ რამდენიმე კომპანიის წილებს ფლობს.
2021 წლიდან დღემდე ნუკრი დოლიძემ „ოცნებას“ 228 000 ლარი შესწირა. მერაბ დოლიძე კი „ოცნებას“ ფინანსურად პირველად დაეხმარა.
„ოცნებას“ 60 ათასი ლარი შესწირა გურამ ჯიჯავაძემ, ის შპს „ახალი ბათუმი ჯგუფის“ დამფუძნებელია, ასვე ფლობს „გურუ ინვესტს“ , „გურუ ჰოლდინგს“ და „გურუ ქონსტრაქშენს“. გურამ ჯიჯავაძე „ოცნების“ შემწირველია 2020 წლიდან და ამ დრომდე მან „ოცნებას“ ჯამში 230 000 ლარი შესწირა.
2025 წლის აპრილში „ოცნებას“ 152 000 ლარი შესწირეს „ნოვას“ მფლობელმა – ჯემალ ბოლქვაძემ, ზვიად აბულაძემ და ჯემალ ანთაძემ. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნოვას“ მესაკუთრეებმა „ოცნებას“ 300 000 ლარი ორ დღეში შესწირეს.
„ნოვა“ დიდი ხანია, რაც ბაზარზე სამშენებლო მასალებისა და ავეჯის აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.
„ოცნებას“ 2025 წლის აპრილში 60 000 ლარი შესწირა ბიზნესმენმა როინ დუმბაძემ, შპს „ბათმშენის“ დამფუძნებელმა. მმართველმა პარტიამ მისი მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების წინაც მიიღო. გასულ წელს მან „ოცნებას“ 58 000 ლარი შესწირა.
ეს აჭარიდან „ოცნების“ შემწირველების არასრული ჩამონათვალია.
2024 წელს „ოცნებამ“ 14 მილიონ 515 ათას 407 ლარი შეაგროვა წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. ამას დაემატა ის თანხაც, რომელსაც „ოცნება“ როგორც კვალიფიციური პარტია ბიუჯეტიდან იღებს.
შემოწირულების ჯამით სხვა პარტიები 2 მილიონ ლარზე ვერ ავიდნენ. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა და პრაქტიკა საერთოდაც რომ დავივიწყოთ, „ოცნების“ ფინანსური უპირატესობა წინასაარჩევნო კამპანიისას 12 მილიონ ლარზე მეტი იყო.
batumelebi.netgazeti.ge