წლიდან წლამდე კერძო სკოლებში მიმართვიანობა იზრდება, თუმცა როგორც „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ დამფუძნებელი და დირექტორი „რედაქტ2-თან“ ინტერვიუში აცხადებს, ქვეყანაში არსებული ზოგადი ფონის გათვალისწინებით, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წელს მიმართვიანობის ზრდის ტემპი შენელებულია. როგორც გიორგი მელაძე ამბობს, მშობლები მეტს ფიქრობენ და მათი ნაწილი გრძელვადიანი ვალდებულებების აღებისგან თავს იკავებს.
„ჩვენთან აქტიური სეზონია, ძირითადად დაკომპლექტებული ვართ, თუმცა მცირე რაოდენობით დარჩენილია. ჩვენთან ყოველთვის მაღალია მოთხოვნა და ბევრად მეტია მსურველი, ვიდრე გვაქვს ადგილები, თუმცა ჯამში თუ შევხედავთ წლევანდელ წელს, ზოგადი სიტუაციის და ზოგადი ფონიდან გამომდინარე, მაინც ცოტა ფრთხილობენ ზოგჯერ მშობლები და უფრო მეტს ფიქრობენ გრძელვადიან ვალდებულებებზე, რაც ბუნებრივია, თუმცა საბოლოო ჯამში მგონია, რომ პირიქით ეს არის ის დრო, როცა ზუსტადაც, რომ სწორ და ხარისხიან განათლებაში უნდა გააკეთოს ადამიანმა ინვესტირება.
როცა ვსაუბრობთ ამ სფეროს წარმომადგენლები, ეს ტენდენცია შესამჩნევია. შეიძლება ეს არ აისახება წამყვან სკოლებზე. შევსების პრობლემა არავის აქვს ცხადია, რადგან ზოგადი ტენდენცია ისეთი იყო, რომ მოთხოვნა იზრდებოდა და არ მგონია ეს შეცვლილიყო, მოთხოვნა მაინც გაზრდილია, თუმცა შეიძლება არა ისეთი ტემპით, რაც მანამდე ფიქსირდებოდა.
უფრო მეტს ფიქრობენ, ვიღაცა თავშეკავებულია და ეს მომენტი ცხადია ყველაზე მოქმედებს და რაღაცნაირად ლოგიკურიც არის”, – აცხადებს გიორგი მელაძე.
ცნობისთვის, განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლებისთვის, ქვეყანაში 2 295 სკოლა მოქმედებს, აქედან 208 კერძო სკოლაა. საქსტატის თანახმად, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში 640 ათასი ბავშვი სწავლობს, აქედან 70 ათასი – კერძო სკოლებში.
რაც შეეხება ზოგადად განათლების სექტორს, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი სწორედ განათლება იყო. განათლების სექტორში ზრდამ 29.1% შეადგინა და ამ დარგის მთლიანმა ზომამ გასულ წელს 4.5 მილიარდ ლარს მიაღწია.
