ICR ჯგუფი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ლურჯი მოცვის პლანტაციებს ფლობს, წელს 100 ტონამდე მოსავალს ელოდება.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ბუნებრივი პირობები მოსავალს არ გააფუჭებს.
„თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, წელს 100 ტონამდე მეტი მოსავალი უნდა ავიღოთ და მთლიანად ექსპორტზე ვართ ორიენტირებული“ – ამბობს ბიზნესმენი.
„წერტილთან“ ინტერვიუში კახა ხაზარაძემ გამოწვევებზეც ისაუბრა და მათ შორის კადრების დეფიციტის პრობლემა გამოყო, რომლის მოგვარებასაც ჯგუფი სამუშაო ძალის იმპორტით ახერხებს.
„ლურჯი მოცვის კრეფის დროს მუშა ხელი შარშან უკრაინიდან ჩამოვიყვანეთ, რადგან კვალიფიციური კადრი ყველა სფეროში ჭირს. მოგეხსენებათ, მოცვს მოსავლის აღების მოკლე პერიოდი აქვს – სწრაფად თუ არ დაიკრიფა ან ამინდებმა არ შეგვიწყო ხელი, გაგვიფუჭდება, ამიტომ ვცდილობთ, სწრაფად ავიღოთ მოსავალი. შარშან 10 ადამიანი ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან და რომ შევადაროთ, უკრაინელი 5-ჯერ მეტ რაოდენობას კრეფს, ვიდრე – ქართველი. წელსაც, ალბათ სამუშაო ძალის 70%-ის იმპორტს, დაახლოებით, 60 მუშა ხელის იმპორტს, ისევ უკრაინიდან გავაკეთებთ სიახლოვის, კვალიფიკაციის და ანაზღაურების გათვალისწინებით”, – თქვა ბიზნესმენმა.
კახა ხაზარაძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ლურჯი მოცვის პლანტაციების 50-ჰექტრიანი ბაღის ბოლო 10 ჰა-ის განაშენიანება წელს აქვთ დაგეგმილი.
„ეს იმ აუცილებელ ინვესტიციებს შორისაა, რასაც ვერ გავაჩერებდით“, – აღნიშნა ბიზნესმენმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ბიზნესის კეთებას სჭირდება განწყობა, რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო, არ აქვთ.
