BAG ინვესტიციების კვლევის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 64%-მა განაცხადა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. ამავდროულად, კომპანიების 29% ჯამურად განხორციელებულ ინვესტიციებში ცვლილებას არ მოელის, ხოლო 7%-ს კლების მოლოდინი აქვს.
სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით მშენებლობისა და მომსახურების სექტორში ფიქსირდება. მშენებლობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 67% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მომსახურების სექტორში ინვესტიციების ზრდის მოლოდინი 66%-ს აქვს. ამასთანავე, ვაჭრობის სექტორში კომპანიათა 61% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მრეწველობის სექტორში – 63%.
2025 წელს ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით, დადებითი პროგნოზები უფრო მეტად დაფიქსირდა აღჭურვილობის მიმართულებით, ხოლო შედარებით ნაკლები შენობა-ნაგებობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების კუთხით. გამოკითხულთა 71% მოელის, რომ 2025 წელს მათი ინვესტიციები გაიზრდება აღჭურვილობაში. მსგავსი მოლოდინი შენობა-ნაგებობების მიმართულებით 59%-ს აქვს, ხოლო გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ 2025 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები გაიზრდება – პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, აღჭურვილობისა და პროგრამულ უზრუნველყოფას/ მონაცემთა ბაზების მიმართულებით ყველაზე დადებითი პროგნოზი ფიქსირდება ვაჭრობის სექტორში. კერძოდ, ვაჭრობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 75% აპირებს გაზარდოს ინვესტიციები აღჭურვილობაში, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზებში – 62%. სექტორებს შორის, მომსახურების სექტორში ფიქსირდება ყველაზე პოზიტიური მოლოდინი შენობა-ნაგებობებში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით (55%).
BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.
BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს 2019 წლიდან. BAG ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.
