წელს, ინტერვენციულ კარდიოლოგიურ განყოფილებას ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრში 10 წელი შეუსრულდება

შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით პირველი კორონაროგრაფია, სტენტირებისა და ბალონირების პროცედურები „გორმედის” სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, კარდიოლოგიური განყოფილება ათასობით პაციენტს მოემსახურა, როგორც ამბულატორიული და სტაციონარულ, ასევე ინტერვენციული მიმართულებით.
ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედის” სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, მაღალკვალიფიციური პერსონალის დამსახურებითა და საერთაშორისო სტანდარტებს მორგებული სამედიცინო სერვისებით, კარდიოლოგია „გორმედის” ერთ-ერთ ძლიერ მიმართულებას წარმოადგენს.
„სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, რომ „გორმედში”ფუნქციონირებს თანამედროვე კათეტერიზაციის ლაბორატორია და შესაძლებელია თითქმის ყველა სახის გულის პათოლოგიის დიაგნოსტირება და მკურნალობა.
ძალიან მალე, კვლავ ამოქმედდება „გორმედის” სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალის კათეტერიზაციის ლაბორატორიაც. სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ხაშურის მოსახლეობა 24/7 რეჟიმში შეძლებს გულის დაავადებების სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინვაზიური, დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურები მედიცინის აკადემიური დოქტორის, ინტერვენციული კარდიოლოგის, გოჩა აფხაძის ხელმძღვანელობით ტარდება.
ინტერვენციული კარდიოლოგია, იგივე ინვაზიური კარდიოლოგია, წარმოადგენს კარდიოლოგიის ერთ-ერთ ქვედარგს, რომელიც იკვლევს გულის მკვებავ სისხლძარღვებს და ითვალისწინებს პაციენტის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას სპეციალური კათეტერებით, ქირურგიული განაკვეთის გარეშე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„როცა გული ავადდება, უმეტეს შემთხვევაში ავადდება გულის სისხლძარღვები, როგორც მსხვილი და საშუალო, ასევე წვრილი კალიბრის სისხლძარღვები და ეს გამოვლინდება გულის იშემიურ დაავადებაში. სწორედ ასეთ დროს ხდება საჭირო ინტერვენციული ჩარევა. პირველ ეტაპზე ხდება სისხლძარღვების გამოკვლევა – კორონაროგრაფია, რაც გულისხმობს განაკვეთის გარეშე, სპეციალური კათეტერების საშუალებით, მთავარი სისხლძარღვების დათვალიერებას. დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე განაკვეთის გარეშე ტარდება ბალონირება ან სტენტირება.
კორონაროგრაფიის დახმარებით, უამრავ ადამიანს შეუნარჩუნდა ჯანმრთელობა და სიცოცხლე. გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებების დროული აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კარდიოლოგიური პაციენტისთვის აუცილებელია დროული ვიზიტი ექიმთან და მუდმივი კონტროლი.
განსაკუთრებით საყურადღებოა დიაბეტიანი პაციენტები, რადგან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარდიოლოგთან რუტინული კონსულტაცია.
სამწუხაროდ, მსოფლიოში და საქართველოშიც დღევანდელი არაჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გულის პათოლოგიების რიცხვმა იმატა, ამ მიმართულებით კლინიკაში მომართვიანობა გაზრდილია. ამიტომ, ამ დარგის გაძლიერება და განვითარება მუდამ ჩვენს ინტერესშია. მოსახლეობას უწყვეტად უნდა მიეწოდებოდეს ხარისხიანი და სრულყოფილი სამედიცინო სერვისი.
კარდიოლოგიური პაციენტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები უცვლელია – ჯანსაღი ცხოვრების წესი მავნე ჩვევების გარეშე და დროული პროფილაქტიკური კვლევები თავიდან აგვაცილებს გულის პათოლოგიების განვითარების რისკს.
ზოგადად, კარდიოლოგია მუდმივად განვითარებადი დარგია. კარდიოლოგიური განყოფილების თითოეული ექიმი ჩართული ვართ უწყვეტი განათლების პროგრამაში. ვესწრებით სხვადასხვა ტრენინგებს და კონფერენციებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ.
ახლახან გახლდით ინდოეთში, წლის ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ კარდიოლოგიურ ღონისძიებაზე – INDIA LIVE 2024. ამ ღონისძიების მთავარი მიზანი დარგის წამყვანი სპეციალისტების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა. წლევანდელი კონფერენცია ფოკუსირებული იყო ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებაზე. დამსწრეებმა მონაწილეობა მივიღეთ სესიებში, ლექციებში, სემინარებში და პრაქტიკულ ტრენინგებში, რომლებიც კარდიოვასკულური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სტრატეგიებს ეხებოდა. გავეცანით კარდიოლოგიაში ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს.
სხვადასხვა კონფერენციებზე და ტრენინგებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მუდმივად ვაზიარებთ ერთმანეთთან და შემდეგ პრაქტიკაში გადმოგვაქვს.” – განაცხადა ინტერვენციულმა კარდიოლოგმა გოჩა აფხაძემ.