„წელს თხილის კოლოსალური ფასი გვაქვს,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს პროდუქტის ფასი, კოლოსალურია, ფერმერებს არ სურთ თხილის ბაღების მოვლა.
„გასული წლების განმავლობაში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის შუამდგომლობით მოხდა ფერმერებისთვის ვაუჩერების პროგრამის შემუშავება, სადაც ერთ ჰექტარზე 500 ლარი ერიცხებოდათ. სამწუხაროდ, მათ უმეტესწილად არ გამოიყენეს ეს თანხა და ეს პროექტი ისეთი ეფექტური ვერ იყო, როგორი მოლოდინიც გვქონდა. ჩვენ ფერმერებს მივეცით ფინანსური რესურსი, რომ მათ ბაღებისთვის მოევლოთ, მაგრამ მათ ეს რესურსი არ გამოიყენეს,“ – განაცხადა მერაბ ჭითანავამ.
მისი თქმით, ფერმერებს, ვისაც ეს ვაუჩერები გადაეცათ, არ სურთ ბაღების მოვლა ან უბრალოდ ეზარებათ.
„ვაუჩერების გამოსაყენებლად საკმაოდ სწორი და მიზნობრივი სისტემა არის შექმნილი. პრობლემა იმაშია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ეს ვაუჩერები გადასცეს, არ სურთ, რომ მოუარონ თხილის ბაღს ან ეზარებათ, მიუხედავად იმისა, რომ წელს თხილის კოლოსალური ფასი გვაქვს – 1 კილოგრამი თხილი წელს ღირს 7-8 ლარი, რაც შარშანდელ ფასთან შედარებით 1.5-2 ლარით მეტია. იმედი მაქვს, ეს ფაქტორი თავის როლს ითამაშებს, მაგრამ ტენდენცია კლებისკენაა – მიუხედავად იმისა, რომ ფასი სულ მზარდი იყო, ფერმერების ჩართულობა ამ კულტურის მოსაყვანად მინიმალური იყო. საუბარი მაქვს მათზე, ვისაც აქვთ მცირე ბაღები,“ – განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
მერაბ ჭითანავამ ისაუბრა დასავლეთ საქართველოში თხილის ბაღების ხმობის ტენდენციაზეც, რაც ბაქტერიული დაავადების ფსევდომონათი არის გამოწვეული. როგორც მან აღნიშნა, ბაქტერიისგან დასაცავად ფერმერს საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება, რასაც მისი აზრით, ნაკლებად გადაიხდიან.
„რაც შეეხება ბაქტერიას, რომელიც თხილის ბაღებს ანადგურებს, მის დასაცავად ფერმერს საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება – მინიმუმ 1000 ლარის აგროქიმიკატები ჰექტარზე, რასაც დიდი ალბათობით, ფერმერები ნაკლებად გააკეთებენ. შესაბამისად, რისკები სწრაფად იზრდება. პირველი სამუშაოები შემოდგომაზეა ჩასატარებელი. ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები ინტენსიურად გადაიდგმება,“ – აღნიშნა ჭითანავამ.
bpn.ge
