რადიო „კომერსანტის“ ეთერში მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ხშირ შემთხვევაში, მოთხოვნა ძალიან მაღალია, რაც, შესაბამისად, ფასების მაქსიმუმამდე გაზრდას იწვევს.
„წელს რომ გენახათ ევროპის წამყვანი დედაქალაქების ბრენდული სასტუმროების ფასები, შეიძლება, თბილისსა და ბათუმში 15-20%-ით მეტი ყოფილიყო, რაც ცუდი არ არის. პირიქით, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანა მოთხოვნადია და ბევრი ტურისტი ჩამოდის, ვისაც შეუძლია, რომ დიდი თანხები გადაიხადოს. როცა სასტუმროს დატვირთულობა 70%-ს სცდება, ფასები მაქსიმუმამდე იზრდება, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია“, – განმარტავს გიორგი დოლიძე.
მისივე თქმით, მაღალი კონკურენციის გამო, 2024-2025 წლებში შესაძლოა, ზოგიერთ სასტუმროს ფასების შემცირება მოუწია, თუმცა, რაც უფრო მეტი ბრენდული სასტუმრო დაინტერესდება საქართველოს ბაზრით, ქვეყანას ეს კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს.
„ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ბრენდული სასტუმრო იქნება საქართველოში, სამომავლო პერსპექტივაში ეს ძალიან დადებითად აისახება ქვეყნის მარკეტინგსა და პოპულარიზაციაზე. რაც ყველაზე მთავარია, რომელი საერთაშორისო ბრენდიც არ უნდა გაიხსნას, იქ ხომ 95% ჩვენი მოსახლეობაა დასაქმებული, რაც სერვისის გაუმჯობესებაზეც დადებითად იმოქმედებს“, – აცხადებს გიორგი დოლიძე.




