საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც გასული წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა, გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე საათობრივი პროდუქტებით მოხდება ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია, ასევე, საათობრივი დაბალანსების ვალდებულება.
„თრეიდინგ სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების კლების პირობებში, აღნიშნული რეფორმის გატარება საკმაოდ რთული იქნება. ის, რომ ამ ეტაპისთვის მთავრობა ბირჟის სრულყოფილად გახსნის ვადის გადაწევას არ აპირებს, მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორიდან მიღებული ინფორმაციიდანაც დასტურდება, რომლის მიხედვითაც ესკო-მ ბიზნესს 12-თვიანი კონტრაქტების რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
“ეს რეფორმა თუ განხორციელდება წელს, ძალიან მძიმედ გასატარებელი იქნება, ვინაიდან საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება უკვე კლებადი ტენდენციით ხასიათდება უკანასკნელი სამი წელიწადია. დახურულია უამრავი საწარმო, ვგულისხმობ ძირითად მომხმარებლებს – მეტალურგიულ საწარმოებს. 29 მეტალუგიულიდან ხუთი მუშაობს და ამ პირობებში მსგავსი რეფორმის გატარება ჩვენი ეკონომიკისთვის სარისკო იქნება.
მიუხედავად ამისა, ესკო-დან მოვიდა ინფორმაცია, რომ უარი ეთქვა კომპანიებს წლიური კონტრაქტების რეგისტრაციაზე. გარიგებებზეა საუბარია. მიზეზად სწორედაც ნახსენები იყო 1 ივლისიდან ბირჟის გახსნა. ანუ კონტრაქტები გაიყო 1 ივლისამდე და 1 ივლისის შემდეგ კონტრაქტებად. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ბირჟის გახსნის მზაობა არის, ყოველ შემთხვევაში სახეზეა, რომ არ იგეგმება გადავადება.
კომპანიები დებდნენ და დებენ წლიურ ხელშეკრულებებს, რომელსაც არეგისტრირებს ესკო. ესკო-მ უარი განაცხადა კონტრაქტების რეგისტრაციაზე 12 თვის ვადით და საფუძვლად მოიტანა ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე უნდა ამოქმედდეს ბირჟა. ვისაც ჰქონდა პირდაპირი კონტრაქტებით ელექტროენერგიის შესყიდვის სურვილი, მოუწიათ კონტრაქტების გაყოფა. მიმაჩნია, რომ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი, როგორც ადმინისტრირების, ისე იმის შესახებ, თუ რა პრინციპებით უნდა მოხდეს ბირჟაზე ვაჭრობა”, – აცხადებს ლომინაძე.
მისი თქმით, ბირჟის ამოქმედების პირობებში მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების გათვალისწინებაც, რომელიც არამარტო გენერაციის ობიექტებს, არამედ მომხმარებელსაც აწუხებს.
“ვფიქრობ, ალბათ საჭირო იქნება გადაწყვეტა, თუ რამდენად მიზანშეწონილია მაგალითად, ფინანსური გარანტიების წარმოდგენა. როდესაც ვაჭრობა მიმდინარეობს ესკო-სთან და ესკოს პლატფორმაზე, არანაირი გარანტია არ არის წარმოსადგენი, როცა ბირჟაზე გადადიხარ, ითხოვენ გარანტიას, არადა ბირჟის დამფუძნებელი ესკო და ელექტროსისტემაა. არანაირი ახსნა არ აქვს, რატომ უნდა წარმოადგინოს გარანტია და რატომ უნდა გაიზარდოს ისედაც მაღალი ფასი ელექტროენერგიაზე მომხმარებლისთვის. ამ პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია ბირჟა ამოქმედდეს”,-აცხადებს BM.GE-სთან მერაბ ლომინაძე.